ცაზე მართლა მკვდარ ვარსკვლავებს ვხედავთ?

 ალბათ გსმენიათ ასეთი გამონათქვამი: ”როდესაც ცაზე ვარსკვლავებს ვუყურებთ – წარსულში ვიხედებით, რადგან ამ ვარსკვლავების უმეტესობა უკვე აღარ არსებობს.” ნუთუ ეს სიმართლეა?

 სინათლის გავრცელების სიჩქარეა 300 000 კმ/წმ, რაც კოლოსალური სიდიდეა. ვარსკვლავები ჩვენგან ძალიან შორს არიან – თვით უახლოესი კენტავრის α-ც კი (”ალფა ცენტავრა”) იმდენად შორსაა, რომ მისგან წამოსული სინათლე ჩვენამდე მხოლოდ 4 წელიწადში აღწევს (მაშასადამე, 4 სინათლის წლის მანძილზე იმყოფება); 8,6 სინათლის წლის მანძილზეა ჩვენგან ზამთრის ცის მშვენება, დიდი ძაღლის თანავარსკვლავედის მთავარი მნათობი – სირიუსი. თუმცა, ასტრონომიული მასშტაბებით ეს საკმაოდ ახლო მანძილებად ითვლება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვარსკვლავის ”სიცოცხლის” საშუალო ხანგრძლივობა მილიარდობით წელია (ასტრონეტი, ვარსკვლავთა ევოლუცია).

 სიმართლე ითქვას, ვარსკვლავების აბსოლუტური უმეტესობა, რომელსაც ცაზე შეუიარაღებული თვალით ვხედავთ, სწორედაც რომ ”ახლო” მანძილზეა. თუმცა, მაგალითად გედის თანავარსკვლავედის უკაშკაშესი ვარსკვლავი – დენები ჩვენი მზიდან თითქმის 3000 სინათლის წლის მანძილზეა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი მოთეთრო-მოლურჯო სინათლე, რომელსაც ახლა ჩვენი თვალი აღიქვამს, დენებიდან იმ დროს წამოვიდა, როდესაც ანტიკური რომის იმპერია  ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვარსკვლავის მილიარდობით წლით არსებობის ფონზე ეს 3000 წელი არაფერია, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანისთვის ეს ძაააალიან, ძააალიან დიდი დროა. მაშასადამე, ცხადია, რომ დენებიც, მაღალი ალბათობით, ისევ ”ცაშია”.

გედის თანავარსკვლავედი. @ Stellarium, ბლოგი ”კოსმოსი” https://geoastroclub.blogspot.com/2016/08/blog-post_49.html.

 თუმცა, ზოგიერთი ვარსკვლავი, დიდი ალბათობით, უკვე ”მკვდარია”. მაგალითად, ასეთია ორიონის თანავარსკვლავედის ნარინჯისფერი სუპერ-გიგანტი – ბეთელგეიზე.  ეს ხანდაზმული და გასიებული ვარსკვლავი მზისგან 650 სინათლის წლის მანძილზეა. სრულიად შესაძლებელია, რომ ის საუკუნეების წინ აფეთქდა და კოსმოსში გაიფანტა, თუმცა ამას მისი ”სიკვდილიდან” მხოლოდ 650 წლის შემდეგ შევიტყობთ.

 ჩვენს ცაზე ორიონი ჯერ ისევ ორიონია. @ Stellarium, ბლოგი ”კოსმოსი” https://geoastroclub.blogspot.com/2015/02/1.html.

 ჩვენს ცამრგვალზე არა მარტო ცალკეული ვარსკვლავი, არამედ მთელი გალაქტიკებიც კი მოჩანს. მაგალითად, ანდრომედა, რომელიც გრანდიოზული 2.5 მილიონი სინათლის წლის მანძილზე იმყოფება. მასში 200-400 მილიარდი ვარსკვლავია, რომელთაგან რამდენიმე ასეული მილიონი, გამოთვლების მიხედვით, ჯერ კიდევ 2-2,5 მილიარდი წლის წინ აფეთქდა, თუმცა უმეტესობა ჯერ კიდევ ”ცოცხალია” და ციმციმითა და ბრჭყვიალით თვალსა და გულს ახარებს.

 თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, დღეს ჩვენ უმძლავრესი ტელესკოპებით ვართ აღჭურვილი და მილიარდობით სინათლის წლით დაშორებულ ობიექტებსაც კი ვაკვირდებით, ასე რომ რაც უფრო შორს ვიხედებით – მით უფრო მეტ ”ვარსკვლავურ აჩრდილს” ვხედავთ. უფრო მეტიც, შესაძლოა გარკვეული რაოდენობით უშორესი გალაქტიკებიც კი მთლიანად ”მკვდარია”. აქ ძალიან საინტერესოა ის დეტალი, რომ ამ დროს ჩვენ მათ არა სიკვდილის, არამედ  ”დაბადების” სტადიაზე ვხედავთ.

 სფერული ვარსკვლავიერი გროვა NGC 6624 ჩვენი გალაქტიკის ცენტრის მიღმა, 27,000 სინათლის წლის მანძილზე, მშვილდოსნის თანავარსკვლავედში მოჩანს. წითელი გიგანტები, რომლებსაც ამ სურათზე ვხედავთ, უდიდესი ალბათობით, უკვე ”მკვდარია”. @NASA/ESA/I. King, Univ. of Calif., Berkeley/Wikisky.org.

 მაგრამ ნუ მოვიწყენთ – ვარსკვლავების ”სიკვდილ-სიცოცხლის” მილიარდობით წლების მანძილზე თითქმის იგივე რაოდენობის ვარსკვლავი ”იბადება” – ბევრი მათგანი სწორედაც რომ ”გარდაცვლილი” ვარსკვლავების გაზურ-მტვროვანი ღრუბლიდან ”მკვდრეთით აღსდგება”. გარსშემოხვეული გაუმჭვირვალე შალითების გამო ჩვენთვის მათი დანახვა რთულია, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებასაც იძლევა (ასტრონეტი – როგორ იბადებიან ვარსკვლავები).

 ვარსკვლავთშობის რეგიონების ტელესკოპური გამოსახულებები ორიონის ნისლეულში ელექტრომაგნიტური სპექტრის სხვადასხვა დიაპაზონით: ზემოთ – ხილულ სპექტრში, ქვემოთ – ინფრაწითელ სპექტრში. ინფრაწითელ გამოსახულებებზე ნათლად ჩანს ცხელი ”ახალშობილი” ვარსკვლავები, მაშინ, როდესაც ხილული დიაპაზონის სურათებზე ისინი კოსმოსური მტვრის სქელი საბურველითაა დაფარული. 2.2 მეტრი დიამეტრის ტელესკოპი – VISTA. @ESO – ევროპის სამხრეთ ობსერვატორია.

 ახედეთ ცას – თითქოს ის მთელი სიცოცხლის მანძილზე მარადიული და უცვლელია, თუმცა ამას მხოლოდ ჩვენი მხედველობის შეზღუდული შესაძლებლობები გვეუბნება, რადგან მეცნიერების საშუალებით ჩვენ შევიტყვეთ, რომ ღამის ცის დამამშვენებელ მნათობებსაც კი სასიცოცხლო ციკლი გააჩნიათ და  ”მოკვდავნი” არიან.

 ჩვენგან 7500 სინათლის წლის მანძილზე მყოფი გემის კიჩოს თანავარსკვლავედის η ვარსკვლავი, ანუ – ეტა კარინა სიცოცხლის უკანასკნელ წლებს ითვლის. მისი სასიკვდილო ”გადასიება” ჯერ კიდევ 1840 წელს დააფიქსირეს, და ეფექტურობით ის მცირედ თუ ჩამოუვარდებოდა ზეახალი ვარსკვლავის აფეთქებას. და თუ იქამდე მანძილსაც გავითვალისწინებთ, უნდა ითქვას, რომ ვარსკვლავი უკვე დიდი ხნის ”მკვდარია”.

გემის კიჩოს თანავარსკვლავედის η ვარსკვლავი, ანუ – ეტა კარინა. ეს ვარსკვლავი უკანასკნელ წლებს ითვლის. მთავარი ვარსკვლავი უკვე აფეთქდა და მისი ნარჩენების გაზოვანმა საფარველმა უზარმაზარი ნისლეული წარმოქმნა. კოსმოსური ტელესკოპის Hubble მიერ 1995, 2001 და 2008 წლებში გადაღებულ სურათზე ნათლად ჩანს, თუ როგორ ფართოვდება კოსმოსში ვარსკვლავის გარე საფარველი. @Hubble, NASA, ESA, კოლორადოს უნივერსიტეტი. დამუშავება: J. L. Dauvergne, P. Henarejos

და მაინც, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რამდენი ვარსკვლავი უნდა იყოს ჩვენს გალაქტიკაში ჭეშმარიტად ”მკვდარი?” მაშ ასე – ”ირმის ნახტომის” განიკვეთი 100000 სინათლის წელია. ამ დროზე უფრო ნაკლები სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ რამდენიმე ვარსკვლავს აქვს, უმეტესწილად ეს გიგანტები და ზეგიგანტებია. ეს იმას ნიშნავს, რომ ე.წ. ”მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავთა” უმეტესობა ძალიანაც ”ცოცხალია” და არსად წასულა.  გარდა ამისა, ერთ საუკუნეში საშუალოდ 2-3 ვარსკვლავი თუ იფეთქებს როგორც ”ახალი” (ნოვა) ან/და ”ზეახალი” (სუპერნოვა); და თუ ამ მოვლენასაც ”გარდაცვალებად” მივიჩნევთ, გამოვა, რომ ჩვენი გალაქტიკის 200-300 მილიარდი ვარსკვლავიდან მხოლოდ რამდენიმე ათასი თუ იქნება ”მკვდარი”.

 თუმცა, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ვარსკვლავმა სიცოცხლის ბოლოს უზარმაზარი ფეიერვერკივით იფეთქოს: ბევრი ”მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი”  ე.წ. წითელ გიგანტად გადაიქცევა ის გასივდება და, დროთა განმავლობაში, გარე საფარველს შემოიცლის. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი ასეულობით მილიონი წელი გრძელდება, ვარსკვლავებამდე მანძილების გათვალისწინებით, მხოლოდ რამდენიმეზე შეიძლება დანამდვილებით ვთქვათ, რომ ისინი ჩვენთვის აღარ არიან.

მოქანდაკის თანავარსკვლავედის R (სამხრეთ ნახევარსფერო) მომაკვდავი წითელი გიგანტია, ის თავის გარსაცმს უცნაური სპირალების სახით გამოისვრის. ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვარსკვლავი სიკვდილის პროცესში ბზრიალებს თუ რამე სხვა სახის მოვლენასთან გვაქვს საქმე.@ ტელესკოპი ALMA (ESO/NAOJ/NRAO).

 მცირე მასის ვარსკვლავები? ისინი არც ფეთქდებიან და არც სივდებიან – პატარა მნათობები უჩუმრად იწვიან და სიცოცხლის ბოლოს უბრალოდ მიილევიან. ამ ”სიმშვიდის” წყალობით მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე დიდი – ასეულობით მილიარდი წელია. ეს ვარსკვლავები კოსმოსში ძალიან, ძალიან დიდხანს – თითქმის სამყაროს დასასრულამდე იქნებიან. თუმცა, არცერთი მათგანი ცაზე შეუიარაღებელი თვალით არ მოჩანს. მაგრამ ტელესკოპით ზოგიერთის დანახვა მაინც შეგიძლიათ – ეს არის კენტავრის თანავარსკვლავედის სამმაგი ვარსკვლავის – ”ალფა ცენტავრა”-ს ყველაზე პატარა წევრი – პროქსიმა.

 ტელესკოპით მოახლოების ამ ვიდეოზე მოჩანს მომაკვდავი ვარსკვლავის უკანასკნელი ამოსუნთქვა: წითელ-ლურჯად მნათი პლანეტური ნილეული ESO 577-24 და კოსმოსური აირების მფრქვეველი თეთრი ჯუჯა მის ცენტრში. @ESO – ევროპის სამხრეთ ობსერვატორია.

 ახლა კი შეგვიძლია ვუპასუხოთ შეკითხვას: ”მართალია, რომ როდესაც ცაზე ვარსკვლავებს ვუყურებთ – სინამდვილეში წარსულში ვიხედებით, რადგან ამ ვარსკვლავების უმეტესობა უკვე მკვდარია?”  – პირველი ნაწილი მართალია: ჩვენ ვარსკვლავებს ისეთებს ვხედავთ, როგორებიც ისინი წარსულში იყვნენ; მეორე ნაწილი კი – ნაწილობრივ: დედამიწის ღამის ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავთა უმრავლესობა ძალიანაც ”ცოცხალია”. ასე რომ – დატკბით.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.