ჩინეთის სწრაფვა კოსმოსისკენ – ”ტიანგუნის” პირველი ეკიპაჟი

 ჩინეთის კოსმოსური ლაბორატორია ”ტიანგუნ-1”-ის შეპირაპირება კოსმოსურ ხომალდთან წარმატებით განხორციელდა: უპილოტო კოსმოსური ხომალდი ”შენჩჟოუ -8” ლაბორატორიულ პირობებში 2-ჯერ შეამოწმეს, კოსმოსში ფრენამ კი მნიშვნელოვანი ხარვეზების გარეშე ჩაიარა.

 ჩინეთის ოფიციალური მედია ინტენსიურად აშუქებდა ” შენჩჟოუ-8”-ს გაშვების პროცესს მაგრამ ბოლო წუთამდე საიდუმლოდ ინახავდა მისიის საბოლოო მიზანს. ახლა ქვეყნის ოფიციალური პირები და მოსახლეობა მოუთმენლად ელიან ” შენჩჟოუ-9”-ს სტარტს, რომელიც ჩინური კოსმოსური ლაბორატორიის პირველ ეკიპაჟს წაიყვანს.
ახალი მისიის განხორციელებას 2012 წლის მარტის ბოლოსთვის ვარაუდობენ. ცნობილია რომ ხომალდი ” შენჩჟოუ-9” მისი წინამორბედის იდენტური იქნება, ხოლო რაც შეეხება ჩინურ კოსმოსურ ლაბორატორიას, მას ორბიტიდან დასწევენ და პილოტირებული ხომალდისათვის უფრო მოხერხებულ სიმაღლეზე განათავსებენ.
რაც შეეხება ეკიპაჟს, ცნობილი გახდა, რომ ” შენჩჟოუ-8”-ს ბორტზე ორი რობოტი-ასტრონავტი იმყოფებოდა, რომელთა მეშვეობით ამ სახის ხომალდებზე მყოფი ადამიანის ორგანიზმში სავარაუდოდ მიმდინარე მეტაბოლური და ფიზიოლოგიური პროცესები დააფიქსირეს. ” შენჩჟოუ-9”-ზე კი 2 ნამდვილი ასტრონავტი მოთავსდება. ფრენა 17 დღეს გაგძელდება, აქედან ასტრონავტები 14 დღეს ”ტიანგუნზე” გაატარებენ, 3 დღეს კი – ” შენჩჟოუ-9”-ზე.

ჩინეთის ახლანდელ ღია საწვრთნელ ბაზაზე 12 ასტრონავტია, რომლებიც ჩინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტები არიან. 1998 წლიდან მათ რუსეთში გაწრთვნილი ორი ინსტრუქტორი ამზადებს. ამ ასტრონავტებიდან 6 უკვე იმყოფებოდა კოსმოსში წინა მისიების დროს.
2010 წელს ჩინეთმა საიდუმლო საწვრთნელი ბაზის არსებობაც დაადასტურა, სადაც დამატებით 7 ასტრონავტი მზადდება. 5 მამაკაცი და 2 ქალი. ქალი-ასტრონავტები აჩქარებული წესით გადიან ინტენსიურ წვრთნას. მათი სახელები უცნობია, თუმცა გახმაურდა, რომ შეპირაპირების მისიას ” შენჩჟოუ-10”-ზე განახორციელებენ.
შეერთებული შტატები ჩინურ კოსმოსურ პროგრამას განსაკუთრებული ინტერესით ადევნებს თვალყურს.

ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.