”სპიცერი” – 15 წელი ორბიტაზე – 15 დიდი აღმოჩენა

 ამინდი ეგზოპლანეტაზე

 ეგზოპლანეტების კვლევისთვის ”სპიცერის” გამოყენებას არავინ ვარაუდობდა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ სქმეში მან მნიშვნოვანი როლი შეასრულა. 2009 წელს, ამ ტელესკოპიდან გადმოცემულ მონაცემებზე დაყრდნობით, გაზის გიგანტის – HD 189733b, ამინდის რუკის შედგენა მოხერხდა.

HD 189733b მხატვრის თვალით – პლანეტის ატმოსფერო მისი მშობლიური მნათობის გამოსხივების ზემოქმედებით კოსმოსში იფანტება(Ron Miller).

 იუპიტერზე ოდნავ დიდი HD 189733b, დედამიწიდან 63 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, ხოლო თავის ვარსკვლავთან სიახლოვის გამო(1/30 ა.ე; 1 ა.ე. = 150 მლნ.კმ. მანძილი დედამიწიდან მზემდე) ძალიან არის გაცხელებული(930 °С ვარსკვლავისკენ მიბრუნებული მხარე, 425 °С – ბნელი მხარე) და მის ატმოსფეროში ძალიან ძლიერი ქარი ქრის.

 ვარსკვლავების დაბადება

 ინფრაწითელი გამოსხივება გაცილებით ადვილად გადის მტვრისა და გაზის ღრუბლებს, ვიდრე ხილული. ვარსკვლავების ფორმირების ადგილების შესასწავლად სწორედ ეს დიაპაზონი გამოიყენება. ”სპიცერმა” სულ ახლოს მდებარე ვარსკვლავური აკვანი გამოიკვლია, გველისმჭერის კოსმოსურ ღრუბელში, დედამიწიდან 410 სინათლის წლის მანძილზე.

გალაქტიკათა ყველაზე შორეული პროტოკლასტერი

 2001 წელს ”სპიცერით”, გალაქტიკათა შორეული ჯგუფი იქნა აღმოჩენილი – COSMOS-AzTEC3. იქედან წამოსული სინათლე 12 მლრდ. წლის მერე მოვიდა ჩვენამდე. ეს ჯგუფები ახლა დიდ გალაქტიკურ გროვაში იქნება გაერთიანებული.

 კომეტის შემადგენელი

 

 2005 წლის 4 ივლისს, როცა აპარატი Deep Impact, კომეტა თემფელ 1-ს შეეჯახა(კომეტებზე მონადირენი), მისი ზედაპირიდან ნივთიერებები გაიფრქვა, რომლებითაც მზის სისტემა არის აგებული. ამ ნივთიერებათა ღრუბელი ”სპიცერმა” გამოკვლია და მისი პარამეტრები დაადგინა. ბევრი იდენტიფიცირებული კომპონენტი ადრეც ცნობილი იყო, ხოლო კარბონატების, რკინის შემცველი ნაერთებისა და არომატული ნახშირწყალბადების აღმოჩენა ნამდვილ მოულოდნელობას წარმოადგენდა.

 სატურნის დიდი რგოლი

 სატურნის რგოლების შესახებ ყველას სმენია, თუმცა ყველაზე უფრო დიდი რგოლი უხილავი რჩებოდა, რადგან ის ძალიან გაიშვიათებულია და ხილულ სინათლეს პრაქტიკულად არ აირეკლავს. ცივი მტვრის ნათება ”სპიცერმა” დაინახა. რგოლის რადიუსი 6 მლნ. კმ-ს შეადგენდა. მისი დანახვა რომ შეგვეძლოს, ცაზე ორ მთვარეზე მეტი ზომით წარმოგვიდგებოდა(სატურნის გიგანტური რგოლი).

 ფულერენები კოსმოსში

 ფულერენები(C60 – C70), პლანეტურ ნისლეულებში ფორმირდება და ვარსკვლავთშორის სივრცეში მიგრირებს. 2009 წელს ერთ-ერთი ჩამქარალი ვარსკვლავის სპექტრში, რომელიც თეთრ ჯუჯად გარდაქმნის პროცესში, ”სპიცერმა” ფულერენის კვალი აღმოაჩინა. ამასთან ერთად, ორი ტიპის ფულერენი ამ ვარსკვლავის გარშემო არსებული ნახშირბადის 3%-ს შეადგენდა. საინტერესოა, ნახშირბადის რა რაოდენობაა ასეთი მოლეკულის სახით მთელ სამყაროში, ეს მოლეკულა ხომ გარემო პირობების მიმართ ძალიან გამძლეა.

 ეგზოასტეროიდების შეჯახება

 ახალგაზრდა ვარსკვლავთან ”სპიცერის” მიერ აღმოჩენილი მტვრის ნაკადი, ორი დიდი ასტეოროიდის შეჯახების შედეგად გაჩნდა. მეცნირები ამ სისტემას მანამდეც უთვალთვალებდნენ და პირველად შეძლეს სისტემის შესახებ მონაცემების შეგროვება, ჰიპოთეტურ შეჯახებამდე და მის მერე.

 ეგზოპლანეტის ატმოსფეროს ქიმია

HD 209458 მხატვრის წარმოდგენით.

 2007 წელს ”სპიცერი” პირველი ტელესკოპი იყო, რომელმაც ორი ე.წ. ცხელი იუპიტერის – HD 209458b და HD 189733b-ის ატმოსფეროს ქიმიური შემადგენელი გამოიკვლია.

 შორეული შავი ხვრელები

 ზემასიური შავი ხვრელები თითქმის ყველა გალაქტიკის ცენტრშია. 13 მლრდ. სინათლის წლის მანძილზე მდებარე ორი ასეთი შავი ხვრელის იდენტიფიცირება მეცნიერებმა ”სპიცერის” საშუალებით მოახერხეს. ეს მანძილი იმაზე მეტყველებს, რომ ეს ორი ზემასიური შავი ხვრელი, დიდი აფეთქებიდან 1 მლრდ. წლის მერევე წარმოიქმნა.

 ყველაზე შორს მდებარე ეგზოპლანეტა

 2010 წელს ”სპიცერმა” 13 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ეგზოპლანეტა აღმოაჩინა, აქამდე, მხოლოდ ათასი ს.წ-ს ფარგლებში ვიცოდით. გამოყენებული იქნა გრავიტაციული ლინზირება, როცა საკვლევ ობიექტსა და ტელესკოპს შორის ვარსკვლავი აღმოჩნდა, რომლის გრავიტაციამ სინათლის ტრაექტორია გაამრუდა და ეგზოპლანეტის გადიდებული გამოსახულება მოგვცა.

ეგზოპლანეტის პირველი პირდაპირი დამზერა

 ”სპიცერი” იყო პირველი ტელესკოპი, რომელმაც მზის სიტემის გარეთ მდებარე პლანეტიდან არეკლილი სინათლის უშუალო დამზერა მოახდინა. 2005 წელი – ორი ცხელი იუპიტერი – HD 209458b და TrES-r1.

დედამიწასთან ახლოს მოძრავი ასტეროიდები

 არც ამ საქმისთვის აპირებდნენ მის გამოყენებას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ოპტიკის გარჩევადობის შესაძლებლობა ასეულობით მეტრი ზომის ობიექტების დასანახავადაც საკმარისია. ასტეროიდები გაცილებით უკეთ ირეკლავს ინფრაწითელ სხივებს, ვიდრე ხილულ სინათლეს.

ირმის ნახტომის რუკა

 2013 წელს, მეცნიერებმა ”სპიცერის” მიერ 10 წლის განმავლობაში გადაღებული 2 მილიონზე მეტი ფოტო შეაგროვეს და ირმის ნახტომის ყველაზე უფრო დეტალური რუკა შეადგინეს. ირმის ნახტომის შორეული უბნებიდან მოსულ სინათლეს მტვერი შთანთქავს, ხოლო ინფრაწითელი გამოსხივება მასში გადის და გალაქტიკის დამალული უბნების დანახვის საშაულებნას გვაძლევს.

ყველაზე ახალგაზრდა გალაქტიკები

 გალაქტიკა MACS0647-JD და სხვა შორეული გალაქტიკები ახლა ძალიან პატარად გამოიყურება, ძლივს შესამჩნევ წერტილებად ცაზე. თუმცა მათ საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვთ: არსებული მონაცემების მიხედვით, MACS0647-JD მაშინ გაჩნდა, როცა სამყარო თავისი ასაკის მხოლოდ 3%-ს ითვლიდა. სხვანაირად რომ ვთქვათ – 420 მილიონი წელი დიდი აფეთქებიდან და 13,3 მილიარდი აღმოჩენამდე.

ტრაპისტის ”მიწები”

 სისტემა TRAPPIST-1 ყურადღების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის(“პლანეტათა საწყობი”: NASA-ს საგანგებო პრესკონფერენცია). მსოფლიოს ასტრონომებს მისკენ ჰქონდათ თავიანთი მზერა მიპყრობილი და მეტის გაგებას ცდილობდნენ. იქ ჯერ სამი ეგზოპლანეტა იქნა აღმოჩენილი, ხოლო ”სპიცერის” დახმარებით მათი რიცხვი 7-მდე გაიზარდა. სამი მათგანი სიცოცხლის არსებობისთვის თავსებად ზონაშია, რაც თეორიულად, შეიძლება ნიშნავდეს, რომ მათ ზედაპირზე თხევადი წყალი და სიცოცხლეც კი შეიძლება არსებობდეს. ისიც ვიცით, რომ სისტემის პლანეტები ულტრაცივი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს, თან ძალიან ახლოს მასთან. TRAPPIST-1-მდე მანძილი 39 სინათლის წელია. ჩვენ თუ არა, იქნებ, ჩვენმა შორეულმა შთამომავლობამ მაინც შეძლოს ამ სისტემის ახლოდან დათვალიერება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.