სამყაროს სამგანზომილებიანი აბლაბუდა

 სპექტროგრაფ DESI (ბნელი ენერგიის სპექტროსკოპული ინსტრუმენტი)-ის საშაულებით მიღებული მონაცემები, სამყაროს ყველაზე ვრცელი და დეტალური სამგანზომილებიანი რუქის შესაქმნელად იქნა გამოყენებული (sciencealert). გამოსახულებაზე წარმოდგენილია გალაქტიკებისგან “მოქსოვილი” სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურა, რომელიც მილიარდობით სინათლის წლის მანძილს მოიცავს (ბნელ ენერგიაზე მონადირემ მუშაობა დაიწყო).

 ახალი რუქის შემადგენელში ახლა 7,5 მილიონი გალაქტიკაა, რომლებიც ქალწულის თანავარსკვლავედის მიმართულებით 5 მილიარდი სინათლის წლის ფარგლებშია გაფანტული. ასეთ მასშტაბურ გამოსახულებაზე უკვე საკმაოდ მარტივია იმის დანახვა, თუ რატომ მოიხსენიებენ ასტრონომები სამყაროს სტრუქტურას, როგორც „კოსმოსურ ქსელს“ (კოსმოსური აბლაბუდა).

 “სამგანზომილებიან რუქაზე წარმოდგენილია გალაქტიკების განაწილება, მათი უზარმაზარი გროვები (კლასტერები), ძაფები და ვოიდებად წოდებული სიცარიელეები. ეს არის სამყაროს უდიდესი წარმონაქმნები, სამყაროს სტრუქტურის „ანაბეჭდები“ მისი არსებობის ადრეულ ეტაპზე და მისი გაფართოების ისტორიაზე” – ამბობს ჟიულენ გი, ბერკლის ლაბორატორიის მეცნიერი.

DESI-ის (ნაწილი და) დასრულებული ფოკალური სიბრტყის ხედი, 5000 ავტომატური რობოტი პოზიციონერით მასში. გალაქტიკების სინათლის შესაგროვებლად თითოეული მათგანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით არის აღჭურვილი (DESI Collaboration).

 DESI არა მარტო შორეული გალაქტიკების სინათლის დანახვაში გვეხმარება, არამედ მაღალი სიზუსტით გვიჩვენებს ამ სინათლის სპექტრულ შემადგნელს. ეს, თავის მხრივ, კონკრეტულ გალაქტიკამდე მანძილის დაზუსტებაში ეხმარება მეცნიერებს, რადგან ამ გალაქტიკებიდან წამოსული სინათლე, სამყაროს გაფართოების გამო, წითელ წანაცვლებას განიცდის. წითელი წანაცვლების მაჩვენებლის კარგად ცოდნა კი სამყაროს სამგანზომილებიანი ზუსტი რუქის შედგენის საშუალებას იძლევა (წითელი წანაცვლება).

 ინსტრუმენტი DESI, არიზონაში (აშშ) მაიალის ტელესკოპზეა დაყენებული. ამ მოწყობილობაში შესული სინათლე ექვს დიდ ოპტიკურ ლინზაში გადის და 10 მიკრონის სიზუსტით რეგულირებად უამრავ ოპტიკურ-ბოჭკოვან შუქგამტარზე ეცემა. 5 ათასი შუქგამტარით გადამისამართებული სინათლის ნაკადები, ათი დამოუკიდებელი სპექტროგრაფისკენ მიემართება, რომლებიც სპექტრულ კომპონენტებად შლის მას.

 აღსანიშნავია, რომ ეს რუქა, DESI-ის მიერ 2021 წელს პირველი 7 თვის განმავლობაში მიღებული მონაცემების საფუძველზე შეიქმნა. ამ პროგრამის დასრუელებასთან ერთად, რუქაზე 35 მილიონზე მეტი გაალქტიკა იქნება დატანილი, რომლებიც 11 მილიარდი სინათლის წლამდე მანძილზეა განაწილებული. ახალი რუქა იქნება ის, რაც ასტრონომებს მისცემს შესაძლებლობას გაიგონ ბევრი ახალი დეტალი გალაქტიკების, შავი ხვრელების, კვაზარების, ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის შესახებ. ეს უკანასკნელი ის იდუმალი ძალაა, რომელიც აჩქარებით აფართოებს სამყაროს (დიდი აფეთქება – მოწმის მონათხრობი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.