რუსი კოსმონავტი აცხადებს, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში გაჩენილი  ხვრელი ვიღაცამ შიგნიდან გაბურღა

 2018 წლის აგვისტოში, რუსულმა კოსმოსურმა ხომალდმა ”სოიუზ”, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (სკს) მორიგი ტვირთი მიიტანა(technology.org). ცოტა ხანში სკს-ზე ჰაერის მცირე გადინება და წნევის ვარდნა დაფიქსირდა. სკს-ს ეკიპაჟმა სასწრაფო გამოძიება ჩაატარა. როგორც აღმოჩნდა, ჰაერი ”სოიუზ”-ზე ეპოქსიდით (თხევადი წებო-რეზინი) დახშული ხვრელიდან იპარებოდა. ის უკეთ დაახშვეს და პრობლემაც აღმოიფხვრა, თუმცა ხომალდის კორპუსში თვით ამ ხვრელის გაჩენის მიზეზი გამოძიებამ ვერ დაადგინა.

 წვრილი ხვრელი რუსული კოსმოსური ხომალდის ”სოიუზის” კორპუსში(NASA).

 ”ექპედიცია 57”-ის წევრები ღია კოსმოსში გავიდნენ და ხომალდის გარე პერიმეტრი დეტალურად დაათვალიერეს. ძიება, ფოტოგრაფირება და სხვა შესაძლო მტკიცებულებების შეგროვება თვეების განმავლობაში გაგრძელდა. ბოლოს, 11 დეკემბერს, ფრენის ინჟინრებმა: ოლეგ კონონენკომ და სერგეი პროკოფიევმა გამოაქვეყნეს დასკვნა, რომლის თანახმადაც ნახვრეტი ხომალდის შიგნიდან ვიღაცამ გაბურღა. ამ დასკვნამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.

 კონონენკომ და პროკოფიევმა, ღია კოსმოსში ხომალდის კორპუსის გარედან დათვალიერების დროს,  ნახვრეტის მოპირდაპირე მხარიდან თერმოიზოლაციისა და მეტეორიტული ფარის ფენები ახსნეს და მაღალი გარჩევადობის ციფრული ფოტოები გადაიღეს, რომლებიც შემდგომი ანალიზებისთვის დედამიწაზე გადაიგზავნა.

ოლეგ კონონენკო ღია კოსმოსში, ”სოიუზის” გარედან დათვალიერების დროს(NASA).

 მიკრომეტეორიტის საწყისი ვერსია დათვალიერების პირველი წუთებიდანვე გამოირიცხა, იმდენად აშკარა იყო ბურღის კვალი. ხვრელი არავითარ სერიოზულ საფრთხეს არ უქმნიდა სკს-ს და მისი ეკიპაჟის წევრებს იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან პატარა იყო და  ჰაერი მასში ძალიან მცირე ნაკადით გადიოდა. ამიტომ ის მიზეზის გარკვევისთანავე კარგად ამოავსეს ეპოქსიდით და სპეციალური პლასტირით დაფარეს.

 ასევე ბედნიერი შემთხვევის წყალობით, ნახვრეტი სამაგრის სექციაში მდებარეობდა. ატმოსფეროში შესვლამდე ის ხომალდის კორპუსის ნაწილს აღარ წამოადგენს, ამიტომ პროკოფიევი და მისი თანამგზავრები: სელენა ენონ-ჩენსელორი (NASA) და ალექსანდერ გერსტი (ESA) ”სოიუზით” შინ მშვიდობით დაბრუნდნენ. დაბრუნებისთანავე მათ პრეს-კონფერენცია გამართეს, სადაც საზოგადოებას გამოძიების პირველადი შედეგები გააცნეს.

 ასტრონავტების განცხადებების საფუძველზე რუსეთის უშიშროების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. მალე ”როსკოსმოს”-ის დირექტორმა, პოლიტიკოსმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ ნახვრეტის გამიზნულად გაბურღვის თეორია გამორიცხული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ პროკოფიევი ამ ვერსიას არ ეთანხმებოდა.

ეპოქსიდით ამოვსებული და იზოლაციით დაფარული ნახვრეტი ხომალდის კორპუსში(NASA).

 მალე ცეცხლზე ნავთი დაასხა პოლიტიკაში გადასულმა კოსმონავტმა, მაქსიმ სურაევმა, რომელმაც საბოტაჟის ვერსია გაახმოვანა. 4 სექტემბერს კი მან არაპირდაპირ დასდო ბრალი თვითონ ასტრონავტებს და ისინი ემოციურ არასტაბილურობაში დაადანაშაულა:

 ”ყველანი ადამიანები ვართ და სახლში დაბრუნება გვეჩქარება, მაგრამ ასეთი მეთოდების გამოყენება ყოვლად დაუშვებელია” – განაცხადა სურაევმა.- თუ ეს კოსმონავტმა გააკეთა, რასაც ვერ გამოვრიცხავთ, მაშინ ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე”.

 სკანდალის მიუხედავად, მან ორი დღის შემდეგ კვლავ განაცხადა, რომ თუ ეს კოსმოსში მოხდა, კომისია ამას აუცილებლად დაადგენს: “გიჟი უნდა იყო, რომ შიგნიდან გარეთ ხვრელი გაბურღო,რადგანაც გარეთ  ვაკუუმია. ამ შემთხვევაში საფრთხეში აგდებ არა მარტო საკუთარ, არამედ ეკიპაჟის სხვა წევრების სიცოცხლესაც. და ამის არცოდნა შეუძლებელია. თუმცა, ბრალს არავის ვდებ”.

სკს-ზე დამაგრებული რუსული კოსმოსური ხომალდი-მოდული ”სოიუზ” MC-09, რომელიც ”ექპედიცია  56/57”-ს მოემსახურა(Roscosmos/ოლეგ არტემიევი).

 ამ განცხადების შემდეგ როგოზინმა თავისი სიტყვები უკან წაიღო და პრესას ნათქვამის ცრუ ინტერპრეტაციაში დასდო ბრალი. ხომალდის განგებ დაზიანების იდეა უარყო პროკოფიევმაც: ”როგორ შეიძლება ასეთი რამ იფიქრო კოსმონავტებზე?” – განაცხადა მან. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აღსანიშნავი ფაქტია სკს-ს ეკიპაჟის წევრების მზაობა მოულოდნელი სიტუაციების გამკლავების მხრივ, ის, თუ რამდენად სწრაფად იპოვეს მათ ჰაერის გადინების წყარო და მოახდინეს რეაგირება. – ”მოდით, სწორი ვერსიის გარკვევა კომპეტენტურ ორგანოებს მივანდოთ”. – ამბობს კოსმონავტი.

 მაგრამ ფაქტია, რომ ამ დრომდე ხმას არ იღებს არა მარტო ”როსკოსმოსი” არამედ არც NASA. 20 დეკემბერს ”ექპედიცია 58” კოსმოსში ახალი ”სოიუზით” გაემგზავრა და გეგმიური სამუშაოებიც შეასრულა. ამ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ოლეგ კონონენკო, ხოლო ეკიპაჟის წევრები იყვნენ ფრენის ინჟინრები,  NASA-ს ასტრონავტები: ენნ მაკ-კლაინი და დევიდ სენ-ჟაკი(”სოიუზის” 43 წლის წინანდელი ავარია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.