რომელი ეგზოპლანეტებიდან ვჩანვართ?

 გერმანელ და ბრიტანელ ასტროფიზიკოსთა ჯგუფმა, ეგზოპლანეტების სია შეადგინა, რომლებიდანაც დედამიწის დანახვა არის შესაძლებელი – იმ პირობით, თუ იქაური ცივილიზაციებიც ფოტომეტრული მეთოდით ეძებენ სხვა პლანეტებს (როგორ ეძებდნენ ეგზოპლანეტებს).

 ვარსკვლავის ჩაბნელებებით მისი სისტემის პლანეტის აღმოჩენის შესაძლებლობა, როცა ეს უკანასკნელი დედავარსკვლავსა და ჩვენს შორის ექცევა, პლანეტის ზომასა და ვარსკვლავიდან მისი ორბიტის დაშორებაზეა დამოკიდებული. დედამიწა საკმაოდ ახლოსაა მზესთან, ამიტომ ეგზოპლანეტებიდან მისი დანახვა უფრო ადვილია, ვიდრე გაზის გიგანტებისა – იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი.

 იცოდა რა გალაქტიკაში ვარსკვლავების დაახლოებითი რაოდენობა და რომელ მათგანთან შეიძლებოდა ყოფილიყო პლანეტები, ამერიკელმა მეცნიერმა ფრენსის დრეიკმა გამოითვალა, რომ ირმის ნახტომში უამრავი დასახლებული პლანეტა უნდა არსებობდეს ( 🙂 ); თუ ასეა, აქამდე ერთი მაინც რატომ ვერ აღმოვაჩინეთ? ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, ჟურნალ MNRAS-ში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა გადაწყვიტეს გაეგოთ, რამდენად შესამჩნევია დედამიწა და მასზე არსებული სიცოცხლე (კიდევ 1500 წელი უნდა ველოდოთ?!).

 აღმოჩნდა, რომ დედამიწა არც თუ ისე ადვილი შესამჩნევია: დედამიწის ან მზის სისიტემის აღმოჩენის შანსი 2,5%-ს უტოლდება, ხოლო რვიდან სამი პლანეტის დანახვისა 0,027%. ჩვენი აღმოჩენა იმ უცხოპლანეტელებს უფრო გაუადვილდებათ, რომელთა პლანეტების ბრუნვის სიბრტყე იგივენაირად არის ორიენტირებული, როგორც მზის სისტემის პლანეტების ბრუნვის სიბრტყე. 65 ისეთი ეგზოპლანეტაა ცნობილი, რომლებიდანაც მერკურის დანახვაა შესაძლებელი, დედამიწისა კი მხოლოდ ცხრადან (ჩვენთვის ხელმისაწვდომი მეთოდებით ძებნის შემთხვევაში).

  •  გაზის გიგანტი ვარსკვლავთან HAT-P-11(გედი) (მქუხარე HAT-P-11b).
  • “ცხელი იუპიტერი” WASP-68b (თხის რქა).
  • ოთხი დიდი პლანეტა სისტემში WASP-47 (მერწყული).
  • პროტოპლანეტა LkCa 15b (მეეტლე).
  •  გაზის გიგანტი ვარსკვლავთან 1RXS 1609 (მორიელი).
  • პლანეტა თეთრ ჯუჯასთან WD 1145+017 b (ქალწული).

 ამ პლანეტბისა და ვარსკვლავების მახასიათებლებიდან გამომდინარე – გაზის გიგანტები, ფორმირების პროცესში მყოფი პლანეტები, თეთრი ჯუჯა (არამიწიერი სიცოცხლე თეთრ ჯუჯებთან უნდა ვეძებოთ) – მათზე სიცოცხლის არსებობა შეუძლებელი იქნება. პლანეტებიდან, რომლებიდანაც დედამიწა ჩანს, ნაკლებად შესაძლებელია, რომ ვინმე ცხოვრობს და მზის ნათობას აკვირდება (ეგზოპლანეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.