რგოლები ასტეროიდებსაც აქვთ

 ასტეროიდი ქარიკლო, კენტავრ ქირონის მეუღლე, ყველაზე დიდი ასტეროიდი-კენტავრია მზის სისტემაში. მას რგოლები აქვს, რამაც ამ ობიექტებზე არსებული წარმოდგენების შეცვლა შეიძლება გამოიწვიოს.

 კენტავრებს, მზის სისტემის შიგა რეგიონებში მოძრავ, არასტაბილური ორბიტების მქონე ობიექტებს უწოდებენ, კვეთენ გაზური გიგანტების ორბიტებსა და არც ასტეროიდთა მთავარ სარტყელს ეკუთვნიან და არც კოიპერის სარტყელის ობიექტებს. ამ მცირერიცხოვანი ასტეროიდების ორბიტები ხშირად იცვლება, მითიური კენტავრების მსგავსად, რომლებშიც ადამიანისა და ცხენის ნიშნებია გაერთიანებული, კენტავრებს ერთბაშად ასტეროიდებისა და კომეტების თვისებები გააჩნია(„კენტავრების“ წარმომავლობა).

 ქარიკლო, როგროც ჩანს, მაინც ასტეროიდია, რადგან არც რაიმე კუდისმაგვარი აქვს და არც თანმხლები მტვროვანი ღრუბელი(გრძელკუდა ასტეროიდი; ექვსკუდა ასტეროიდი; კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი).

 რგოლები მხოლოდ პლანეტა-გიგანტებთან(სატურნი, იუპიტერი, ურანი და ნეპტუნი) არის ცნობილი. ისინი, ასე პატარა ზომის ობიექტებთან არა მარტო არასოდეს შეუნიშნავთ, არამედ თეორიულადაც კი არ მოელოდნენ: 250 კილომეტრის დიამეტრის მქონე ობიექტის გრავიტაცია, ისეთის, როგორიც ქარიკლოა, რგოლების ქონების საშაულებას არ უნდა იძლეოდეს, რადგან ისინი წარმოქმნიდან ძალიან მალევე უნდა დაიშალოს.

 აღმოჩენა შემთხვევით მოხდა: ქარიკლოს ორბიტა, გამავალი მზის სისტემის გარე ნაწილში სატურნსა და ურანს შორის, 2013 წლის 3 ივნისს ერთ-ერთი ვარსკვლავის წინ აღმოჩნდა(მზის დაბნელების მსგავსი მოვლენა). ვარსკვლავი რამდენიმე წამით თვალთახედვიდან მართლაც გაუჩინარდა, რადგან მასა და დამკვირვებელს შორის ქარიკლო დადგა.

 დაბნელებამდე და მის მერე რამდენიმე წამით ადრე ვარსკვლავის ელვარებაში კიდევ ორი ძალიან სუსტი რყევა იქნა შემჩნეული, თითქოს მას კიდევ, ქარიკლოდან მცირე მანძილზე მდებარე რაღაც ეფარებოდა. დამზერის სხვადასხვა წერტილებიდან მიღებული მონაცემებით, ასტრონომებმა არა მარტო ქარიკლოს ზომა და ფორმა, არამედ ასტეროიდიდან 391 და 405 კილომეტრის მანძილზე მდებარე ახლად აღმოჩენილი რგოლების პარამეტრებიც გაარკვიეს.

 ის, რომ რგოლი ორია და არა ერთი, რგოლებს შორის მოძრავ ჩვენთვის უხილავ თანამგზავრებზე მიუთითებს, რომლებმაც რგოლებს შორის სივრცე გაწმინდეს. შეიძლება იყოს მესამეც, ოდნავ უფრო დიდი ზომით(თანამგზავრიანი ასტეროიდი).

 თავის მხრივ, ამ რგოლებიდან პატარა ”მთვარე” შეიძლება ჩამოყალიბდეს. მოვლენათა ასეთმა მიმდევრობამ, თუმცა გაცილებით დიდი მასშტაბებით, მზის სისტემის ადრეულ წარსულში, ჩვენი მთვარის ფორმირებაზე შეიძლება მოგვითხროს, ასევე სხვა მთვარეებისა და ასტეროიდების შესახებაც(ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ).

 ცხადია, რომ რგოლები რომელიღაც ყინულოვანი ობიექტის დაშლით გაჩნდა. რა სხეული იყო ეს და მოხდა თუ არა თვითონ ქარიკლოსთან შეჯახება, ჯერჯერობით უცნობია. ის, რომ მცირე გრავიტაციის ობიექტებს სხვა ყინულოვანი სხეულების შეჯახებათა პროვოცირება ან სხვა შეჯახებებით გამოტყორცნილი ნაწილაკების გამოჭერა შეუძლიათ, ძალიან საინტერესო ამბავია, რაც კოსმოსური ობიექტების რელური სახის შესახებ ასტრონომთა ყველაზე თამამ ვარაუდებსაც კი ჩრდილავს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.