რამდენი ხანი იცოცხლებს სამყარო?

 დიდ ადრონულ კოლაიდერზე(დაკ) ჰიგსის ბოზონის აღმოჩენასა და მისი მასის დადგენას, ყველაფერთან ერთად, ასტროფიზკური დატვირთვაც აქვს. აღმოჩნდა, რომ სამყაროს ბედი იმაზეა დამოკიდებული, არსებობენ თუ არა ნაწილაკები, რომლებიც სტანდარტულ მოდელში ვერ ეწერებიან. თუ არ არსებობენ და სტანდარტული მოდელიც ცვლილებების გარეშე პლანკურ ენერგიამდე მართებულად მუშაობს, მაშინ სამყარო არასტაბილურია – ძალიან დიდი ხნის მერე ახალ ვაკუუმურ მდგომარეობაში გადავა, ყველა არსებული სტრუქტურების დაშლით. ჩვენი სამყარო აბსოლუტურედ სტაბილური იმ შემთხვევაში აღმოჩნდება, თუ ვივარაუდებთ, რომ სტანდარტული მოდელი არასრულყოფილია და სამყაროში ახალი, აქამდე აღმოუჩენელი ნაწილაკები არსებობენ(სტანდარტული მოდელიდან გადახრების ძებნა).

 ფიზიკოსთა უმრავლესობა მეორე ვარიანტისკენ იხრება: ძალიან ბევრი ირიბი ნიშანი არსებობს იმისა, რომ სტანდარტული მოდელი არასრულია. თუმცა, მხოლოდ თეორიულ დონეზე, პირველი ვარიანტიც შეიძლება შევისწავლოთ. მის ჩარჩოებში სამყაროს სიცოცხლის ხანგრძლივობის გამოთვლა შეიძლება, გამოთვლები ჩატარდა კიდეც, შედეგი – 10100–101000 წელი. ეს მონაცემი ჰიგსის ბოზონისა და ტოპ კვარკის მასებზეა დამოკიებული, ამიტომ ამ მასების სიზუსტე უმნიშვნელოვანესია(ტოპ კვარკი განკითხვის დღეს მოგვიწობს?).

 ახალად გამოქვეყნებულ სტატიაში, ამ გამოთვლათა მართებულობა ეჭვქვეშ არის დაყენებული. გულდასმით ჩატარებული თეორიული ანალიზი აჩვენებს, რომ ეს გამოთვლები, ენერგიათა პლანკურ მასშტაბებზე, ჩვენი სამყაროს თვისებებზე ძლიერად არის დამოკიდებული, ანუ კვანტური გრავიტაციის ეფექტებზე. საზოგადოდ მიღებული კვანტური გრავიტაციის თეორია არ არსებობს, არც ზუსტად შეუძლია ვინმემ თქვას, როგორ უნდა აღიწეროს ენერგიათა ეს უბანი. ანუ, სამყაროს სიცოცხლის ხანგრძლივობის ზემოთ ხსენებულ მონაცემს, კვანტური გრვიტაციის გარეშე, სიმართლესთან საერთო არაფერი ექნება.

 აღსანიშნავია, რომ სტატიის ავტორთა ჯგუფი კრიტიკით წინა წელსაც გამოვიდა. მაშინ მათი არგუმენტები გამარტივებულ გამოთვლებს ეყრდობოდა. ამჯერად კი ეფექტის სრული ანალიზი წარმოადგინეს, რამაც წინა ვარაუდებიც დაადასტურა. ამგვარად, დღეისათვის უფრო მართებული იქნება ვთქვათ, რომ სტანდარტული მოდელის ჩარჩოებში კვანტური გრავიტაციის ეფექტების ცოდნის გარეშე სამყაროს სიცოცხლის ხანგრძლივობის გამოთვლა ამოუხსნელ ამოცანას წარმოადგენს(დიდი გახლეჩა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.