“პლანეტათა საწყობი”: NASA-ს საგანგებო პრესკონფერენცია

 NASA საგანგებო პრესკონფერენციებს არც თუ ისე ხშირად აწყობს, რომლითაც მთელ მსოფლიოს მართლაც მნიშვნელოვან ამბებს აუწყებს ხოლმე. ამჯერადაც ასე მოხდა.

 რამდენიმე დღის წინ, ა.შ.შ-ს კოსმოსური კვლევების სააგენტომ, პრესკონფერენცია მოიწვია, რომელშიც ეგზოპლანეტებზე მონადირეებიც მონაწილეობდნენ. მოხსენება ეხებოდა აღმოჩენას, რომელიც ეგზოპლანეტებთან იყო დაკავშირებული. ეგზოპლანეტები, მზის სისტემის გარეთ, სხვა ვარსკვლავებთან მდებარე(ან სულაც, გალაქტიკაში “უპატრონოდ” მოხეტიალე) პლანეტებია. აღმოჩენათა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და მალე, ათასებსა და ასი ათასებსაც მიაღწევს. რატომ ვეძებთ? საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცოთ, რომ მარტონი არ ვართ; კვლევისა და კოლონიზაციისათვის საჭირო სამიზნეების შერჩევა; და იმიტომ, რომ ეს მენციერებაა.

მზის სისტემა და სხვა სისტემები.

 მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი პლანეტიდან 39,5 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ულტრაცივ წითელ ჯუჯასთან(მზეზე სამჯერ მსუბუქი და 10 000-ჯერ მკრთალი), დედამიწის ტიპის შვიდი ეგზოპლანეტა იქნა აღმოჩენილი. მაგრამ დედამიწის ტიპის პლანეტები ადრეც ხომ აღმოაჩინეს? აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ შვიდივე პლანეტა:

  •  თითქმის დედამიწის ზომისაა;
  •  მდებარეობს სიცოცხლისათვის თავსებად ზონაში, სადაც წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობაა შესაძლებელი. მათი ზედაპირი ოკეანეებით შეიძლება იყოს დაფარული.
  •  იმდენივე სითბოს ღებულობენ თავისი მნათობისგან, რამდენსაც დედამიწა ღებულობს მზისგან.

 ამ სისტემას, მზის სისტემის ორეულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. პირველ რიგში, ცივი ვარსკვლავისა და კომპაქტურად “ჩაწყობილი” პლანეტების გამო. შვიდივე რომ მზის სისტემაში გადაგვეტანა, მათი ორბიტები მერკურისა და მზეს შორის ჩაეტეოდა.

 რას უნდა ველოდეთ?

 ვნახოთ. კენტავრის პროქსიმასთან აღმოჩენილმა დედამიწის ტიპის ეგზოპლანეტამ – პროქსიმა b, რომელიც სიცოცხლის არსებობისათვის თავსებად ზონაში მოძრაობს, მენციერები კინაღამ ჭკუიდან გადაიყვანა. ძვირადღირებული მისია უკვე მზადდება, რომელშიც სინათლის სიჩქარის 20%-მდე აჩქარებული მინი კოსმოსური ხომალდები იქნება გამოყენებული, რომლებიც ამ უახლოეს ვარსკვლავამდე 20-30 წელიწადში მიაღწევენ, მასთან სელფის გადაიღებენ და ფოტოებს ჩვენსკენ გამოაგზავნიან, მათ 4,24 წლის მერე მივიღებთ, რადგან პროქსიმამდე მანძლი 4,24 სინათლის წელია (რაც კენტავრის ალფასკენ გასაგზავნი მისიის შესახებ გაინტერესებდათ…).

 შვიდი ეგზოპლანეტის შემთხვევაში, მსგავს მისიებს არც უნდა ველოდეთ (პროქსიმაზე 9-ჯერ შორს მდებარე სისტემიდან, ჩვენი მიმართულებით გამოსხივებული სინათლე, ამ მანძილის გავლას 39,5 წელს ანდომებს). მათი კვლევა შორიდან მოგვიწევს. 2018 წლისთვის, ჯეიმს უების სახელობის უახლესი კოსმოსური ტელესკოპი ამუშავდება, რომელიც ასე რომ ვთქვათ, ამ პლანეტათა ატმოსფეროების “დაყნოსვას” შეძლებს, მისი სარკის ზომისა და ინსტრუმენტებიდან გამომდინარე. იქნებ, შორს არ არის ის დრო, როცა დედამიწა 2.0.-ს აღმოვაჩენთ (ეგზოპლანეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.