მცენარეების საოცარი რეაქცია მიკროგრავიტაციაზე

 ასტრონავტების სასიცოცხლო სისტემების ხანგრძლივი და დამოუკიდებელი ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (სკს) საკვები მცენარეების მოყვანა, რასაც NASA ინტენსიურად იკვლევს. კოსმოსში მცენარეების ზრდა და გამრავლება ნიშნავს, რომ როგორც ხანგრძლივი ფრენების განმავლობაში, ასევე მთვარის და მარსის კოსმოსურ სადგურებზე, ასტრონავტებს მრავალფეროვანი საკვების და ჟანგბადის უწყვეტი მარაგი ექნებათ.

სურ. 1. NASA-ს ასტრონავტ მაიკ ჰოპკინსს თალგამის ნერგი გადააქვს მცენარეების წარმოების სისტემაში (Veggie), რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეა განთავსებული (NASA).

 ახლახანს, სკს-ზე მოზარდ ზოგიერთ მცენარეს პრობლემა შეექმნა, ამიტომ NASA-ს ასტრონავტმა მაიკ ჰოპკინსმა მცენარეები ინოვაციურ ვეგეტაციური წარმოების სისტემაში (Veggie) გადაიტანა.

 64-ე ექსპედიციის ეკიპაჟის წევრი მაიკ ჰოპკინსი სკს-ზე SpaceX-ის  ჯგუფი 1 რამდენიმეთვიანი მისსიის ფარგლებში ჩავიდა. იმ დროისთვის სკს-ს VEG-03I სისტემაში მრავალი სახის მდოგვი და სალათა იზრდებოდა. მან შეამჩნია, რომ მდოგვი შესანიშნავად იზრდებოდა თიხი შემცველ სასუქიან ”ბალიშებში”, მაგრამ სალათების დიდ ნაწილს იგივე ბაზაზე ზრდა უჭირდა; მაგალითად, ამ ”ბალიშებში” რთულად ღივდებოდა და ნელა იზრდებოდა ”წითელი რომანული” და ”დრაკონის” სალათები.

 ჰოპკინსმა გარისკა და პატარა ჩითილები ახალ სისტემაში გადაიტანა. სარისკო პროცედურების მიუხედავად, ყველა ჩითილი გადარჩა და მოსავალიც მალე მიიღეს. ახალ სისტემაში მოგვიანებით გადაიტანეს წითელი თალგამი, მდოგვი ”ვასაბი” და ჯუჯა ”პაკ-ჩოი”.

სურ. 2. წითელი ხუჭუჭა კომბოსტოს (კალე) ფესვის ზონა ტრანსპლანტაციის მომენტში: მაიკ ჰოპკინსი, საერთაშორისო კოსმოსური სადგური (NASA).   

“ძალიან საინტერესო ექსპერიმენტია.” – აღნიშნავს Veggie პროგრამის მცენარეთა ფიზიოლოგი ჯიოია მასსა. –”სისტემის შემუშავების დროს გავითვალისწინეთ ის თავისებურებები, რომლებიც მიკროგრავიტაციაში სითხეებს ახასიათებს. როგორც აღმოჩნდა, ამით მცენარეებს ძალიან დავეხმარეთ.”

 პირველი სისტემის, VEG-03I საპროექტო ჯგუფის წევრი მეტ რომეინი აღნიშნავს, რომ იმ მომენტიდან, როცა ამ სისტემის საკონტროლო სადგურზე ზოგიერთმა მცენარემ კვდომა დაიწყო, მიხვდნენ, რომ საჭირო იყო მცენარეების ზრდის ახალი მექანიზმების და მეთოდების შემუშავება. -“ფიზიკის დეპარტამენტს მივაკითხეთ, სადაც მიკროგრავიტაცისა და უწონობაში სითხეების ქცევას სწავლობენ”. – ამბობს რომეინი. -”იმდენად კარგი სისტემა გამოგვივიდა, რომ კოსმოსში უკეთესი მოსავალი მოდის, ვიდრე დედამიწაზე, საკონტროლო ლაბორატორიაში.”

 კოსმოსური მოსავალი დედამიწაზე რეგულარულად იგზავნება ანალიზების ჩასატარებლად. მიუხედავად იმისა, რომ ასტრონავტები დედამიწაზე დაფასოებულ, სპეციალური შედგენილობის და უმაღლესი ხარისხის საკვებით მარაგდებიან, ვაკუუმური პაკეტირების პროცესში ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების შემცველობა მაინც მნიშვნელოვნად უფრო დაბალია, ვიდრე ცოცხალ მცენარეებში, მითუმეტეს, თუ ეს საკვები თვეების განმავლობაში მაცივარში ინახება.

სურ. 3. დარგული თალგამი წარმატებული ტრანსპლანტაციის შემდეგ (NASA).

  “ამ მომენტისთვის გვინდა მივაღწიოთ საკვების მაქსიმალურ მრავალფეროვნებას, რომ მათი კომბინირებით ასტრონავტებმა ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების საუკეთესო ნაკრები მიიღონ.” – აღნიშნავს მასსა. – “ხოლო შემდეგი გამოწვევა – მოსავლის მდგრადობის უზრუნველყოფაა. ჰოპკინსმა და სხვა ასტრონავტებმა იმდენად მნიშვნელოვანი მონაცემები მოგვაწოდეს, რომ დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი დიდი წარმატებით განხორციელდება.”

 ხანგრძლივი საკაცობრიო კოსმოსური მისსიების წარმატებით განხორციელება  მცენარეული მოსავლის მოყვანასთან უშუალო კავშირშია – ასტრონავტებს დასჭირდებათ სრულყოფილი საკვები, ჟანგბადი და სამკურნალო ნივთიერებები; უნდა შეიქმნას  კოსმოსურ ხომალდში მდგრადი მოსავლის უზრუნველყოფისთვის საჭირო სისტემები, რომ, მაგალითად, მარსის მისსია წარმატებით განხორციელდეს. მთვარისა და მარსის სადგურზე მცენარეების არსებობა ასტრონავტების ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

 VEG-03I პროექტს ხელმძღვანელობს NASA-ს ვაშინგტონის სათაო ოფისის სამეცნიერო დირექტორატი, და ბიოლოგიურ და ფიზიკურ მეცნიერებათა სამეცნიერო დეპარტამენტი. (BPS).

მეტი: https://www.nasa.gov/missions/station/so-you-want-to-be-a-space-farmer/

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.