მასიური ვარსკვლავებით სავსე NGC 3603

 ვარსკვლავების გროვა NGC 3603, სხვა გროვებისაგან არა მარტო ზემასიური ვარსკვლავების დიდი რაოდენობით განსხვავდება, არამედ იმითაც, რომ ახალი ვარსკვლავების ფორმირების თვალსაზრისით, ჩვენი გალაქტიკის ყველაზე უფრო აქტიური და ელვარე რეგიონია. ეს შთამბეჭდავი ფოტოები ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ასტრონომებმა, ფართო კუთხიანი გამოსახულების მიმღების(Wide Field Imager) საშუალებით გადაიღეს. ჩანს მოგიზგიზე გაზის ღრუბლები და ჩვენი გალაქტიკის ზოგიერთი ყველაზე უფრო მასიური ვარსკვლავი.

 NGC 3603-მდე მანძილი 9-დან 20 ათასამდე სინათლის წელია. კარგად მოწმენდილ ღამის ცაზე მისი დანახვა სამოყვარულო ტელსკოპითაც შეიძლება. გამოსახულებაზე ორი ობიექტია, ნისლეული NGC 3603(მარჯვნივ) და ვარსკვლავთგროვა HD 97950.

 HD 97950, ვოლფ-რაიეს სახელით ცნობილი მასიური ვარსკვლავების სისტემას წარმოადგენს. მზეზე 20-ჯერ მასიური ვარსკვლავებიდან, ზოგიერთი, ევოლუციის ბოლო სტადიაზეა. ასეთი ვარსკვლავების ბირთვებში მიმდინარე წყალბადის სწრაფი წვის პროცესები ძალიან არასტაბილურ მნათობებად აქცევთ მათ. ზედაპირიდან ამოფრქვეული მატერიის უზარმაზარი მასები უძლიერეს კოსმოსურ ქარებად გარდაიქმება. საბოლოოდ, ყველა ასეთი ვარსკვლავი სიცოცხლეს ზეახლად აფეთქებით ასრულებს.NGC 3603_2HD 97950-ის შემომფარგლავი რეგიონი წითლად მანათობელი გაზის დიდი ღრუბელია. ის, ამ ღრუბელშივე მდებარე ახალგაზრდა და მასიური ვარსკვლავების მძლავრი ულტრაიისფერი გამოსხივების ხარჯზე ანათებს. ამ რეგიონის სიგანე რამდენიმე ასეული სინათლის წელია და ირმის ნახტომის ყველაზე დიდ მსგავს წარმონაქმნს წარმოადგენს.

 ნისლეული NGC 3576 დედამიწიდან 9 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, თუმცა, სურათის თვალიერებისას შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ის HD 97950-ის მახლობლადაა. ნისლეულში უამრავი ბნელი წარმონაქმნია, ე.წ. ბოკის გლობულები – მომავალი ვარსკვლავების ჩანასახები. ამ გლობულებში გაზისა და მტვრის სისქე იმდენად მაღლია, რომ ყველანაირი გამოსხივება შთაინთქმება, სწორედ ეს განაპირობებს მათ ჩამუქებულ ფერებს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.