კოსმოსური შუადღის პლანეტები…

 ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ პლანეტების ფორმირება ე.წ. “კოსმოსური შუადღის” ეპოქაშიც ხდებოდა, მაშინ, როცა სამყაროში ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები მაქსიმუმს აღწევდა (Nature Astronomy).

 მეცნიერებმა, ჩვენი გალაქტიკის ჯუჯა მეზობელი, მაგელანის მცირე ღრუბელი შეისწავლეს, ამჯერად, ჯეიმს ვების სახელობის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით. მათი ყურადღება გამახვილდა ამ პატარა გალაქტიკაში მდებარე ემისურ (მასხივებელ) ნისლეულზე – NGC 346, რომელშიც ასეულობით ახალგაზრდა მცირე მასის ვარსკვლავია თავმოყრილი, რათა გაერკვიათ, ხდება თუ არა მათში პლანეტების ფორმირება.

 აქამდე ჩატარებული კვლევებიდან გამომდინარე ითვლებოდა, რომ ვარსკვლავების გარშემო არსებულ პროტოპლანეტურ დისკოებში კლდოვანი პლანეტების ფორმირებისთვის ისეთი მძიმე ელემენტებია საჭირო, როგორიც არის ალუმინი, სილიციუმი და რკინა. ეს იმას ნიშნავს, რომ კოსმოსური შუადღის ეპოქაში გავრცელებულ ახალგაზრდა და მცირე მასის მქონე ვარსკვლავებთან, დაახლოებით 10 მილიარდი წლის წინათ, ამ ელემენტთა დეფიციტი იყო, რაც პლანეტების ფორმირების პროცესს აფერხებდა. ასტრონომიაში, წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ელემენტებს მეტალებს უწოდებენ, თუმცა კლდოვანი პლანეტების ფორმირებისთვის გაცილებით მასიური ატომების მქონე ელემენტებია საჭირო, რომელთა წარმოქმნა მხოლოდ მასიური ვარსკვლავების თერმობირთვულ წიაღშია შესაძლებელი. ჩვენი მზეც მსუბუქი ვარსკვლავია, ჟანგბადზე მძიმე ატომების წარმოქმნა მას არ შეუძლია, მზეც და მის სისტემაში არსებული პლანეტები წინა თაობის მასიური ვარსკვლავების ფრაგმენტებზეა აღმოცენებული, ვარსკვლავებისა, რომლებიც ზეახლებად აფეთქდა (როგორ კვდებიან ვარსკვლავები).

 მიუხედავად ამისა, მკვლევარებმა, NGC 346-ში ვარსკვლავური მტვერი აღმოაჩინეს, რომელიც კლდოვანი პლანეტების წარმოქმნისთვის არის საჭირო. აღსანიშნავია, რომ ასეთი დაბალი მეტალურობა შორეული, ანუ ახალგაზრდა გალაქტიკებისთვის არის დამახასიათებელი, მაგელანის პატარა ნისლეულიდან გაცილებით შორს. აქედან გამომდინარე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ქანების წარმომქმნელი ელემენტები შორეულ წარსულშიც არსებობდა და პლანეტების რაოდენობაც გაცილებით დიდია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა (დიდი აფეთქება, “ჯეიმს ვები” და “პანიკა”; ეგზოპლანეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.