კიდევ უფრო იდუმალი ბნელი მატერია

 როგორც სხვა გალაქტიკები, ჩვენი ირმის ნახტომიც ბნელი მატერიის სახელით ცნობილი უცნაური ნივთიერების თავმოყრის ადგილია. ის უხილავია და თავს მხოლოდ გრავიტაციული ურთიერთქმედებით ამჟღავნებს. შემაკავებელი ბნელი მატერიის გარეშე გალაქტიკის ვარსკვლავები სწრაფად გაიფანტებოდნენ ყველა მიმართულებით. ბნელი მატერიის ბუნება ისევ გამოცანად რჩება, გამოცანად, რომელიც ახალმა კვლევამ კიდევ უფრო ძნელად ამოსახსნელად აქცია.

 ”ამ კვლევის დასრულების მერე, ჩვენ უფრო ნაკლები ვიცით ბნელი მატერიის შესახებ, ვიდრე ადრე ვიცოდით”, ამბობს მეტ უოლკერი ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრიდან კემბრიჯში, მასაჩუსეთსის შტატი. სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელი წარმოგვიდგენს სამყაროს, რომელშიც დომინირებენ ბნელი ენერგია და მატერია. ასტრონომთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ბნელი მატერია შედგება ”ცივი”(ანუ ნელი) ეკზოტიური ნაწილაკებისგან, რომლებიც ერთმანეთისკენ გრავიტაციული ძალით მიიზიდებიან. დროთა განმავლობაში ეს გროვები იზრდებიან და იმ გალაქტიკებს აყალიბებენ, რომლებსაც ჩვენ ახლა ვხედავთ.

 კოსმოსლოგები ამ პროცესის მოდელირებისთვის მძლავრ კომპიუტერებს იყენებენ. მათი გამოთვლები აჩვენებენ, რომ ბნელი მატერია გალაქტიკების ცენტრებში უნდა იყოს თავმოყრილი. ამის მაგივრად კი, როგორც ჯუჯა გალაქტიკებზე დაკვირვებებმა აჩვენა, ის მათში თითქმის თნაბრადაა გადანაწილებული. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელი შეიძლება იყოს მცდარი.

 ჩვენი კვლევის შედეგები ეწინააღმდეგება ჯუჯა გალაქტიკებში ცივი ბნელი მატრიის სტრუქტურის შესახებ არსებულ წარმოდგენებს”, ამბობს უოლკერი. ჯუჯა გალაქტიკები 99% ბნელი მატერიის და 1% ჩვეულებრივი მატერიისგან შედგებიან. ასეთი განსხვავება ჯუჯა გალაქტიკებს იდეალურ კვლევის ობიექტებად აქცევს იმ ასტრონომთათვის, რომელბიც ბნელი მატერიის გამოცანის ამოხსნას ცდილობენ.

 უოლკერმა და ჯორჯ პანარუბიამ კემბრიჯის უნივერსიტეტიდან, დიდი ბრიტანეთი, გააანალიზეს ბნელი მატერიის განაწილება ჩვენი გალაქტიკის მეზობელ გალქტიკებში. მათში 10 მილიონამდე ვარსკვლავია, მაშინ როცა ჩვენს გალაქტიკაში 400 მილიარდამდე მნათობია. მეცნიერებმა 1500 დან 2500-მდე ვარსკვლავის ადგილმდებარეობა, სიჩქარეები და  ძირითადი ქიმიური შემადგენლობა დაადგინეს.

 ”ჯუჯა გალაქტიკებში ვარსკვლავები ერთმანეთში ირევიან როგორც ფუტკრები სკაში, სპირალურ გალაქტიკებში წრიულ ორბიტებზე წყნარად მოძრავი ვარსკვლავებისგან განსხვავებით”, ამბობს პანარუბია. ” ეს, ბნელი მატერიის შესწავლას უფრო რთულს და მეტად საინტერესოს ხდის”.

 გამოთვლებმა აჩვენა, რომ ორივე შემთხვევაში ბნელი მატერია თანაბრადაა განაწილებული გალაქტიკების ძირითად ნაწილზე, ასეულობით სინათლის წლის სიგრძეზე. ეს ეწინააღმდეგება ვარაუდს იმის შესახებ, რომ ბნელი მატერიის სიმკვრივე მკვეთრად უნდა იზრდებოდეს ცენტრთან მიახლოებასთან ერთად. ”თუ ჯუჯა გალაქტიკას ატმის სახით წარმოვიდგენთ, მაშინ ცენტრში კურკა უნდა დაგვხვდეს, შესწავლილი გალაქტიკები კი უკურკო ატმებს გვანან,” ამბობს პანარუბია.

 გამოდის, რომ ჩვეულებრივი მატერია ბნელზე, უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე ითვლებოდა, ან  ბნელი მატერია არ არის ”ცივი”. მეცნიერები იმედოვნებენ დაადგინონ რომელი ვარიანტია სწორი იმ გალაქტიკების შესწავლით, რომლებშიც ბნელი მატერიის პროცენტული წილი უფრო მაღალია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.