ისევ თეთრი ხვრელი

 კონცეფცია შავი ხვრელების შესახებ, ჩვენი მკითხველისთვის უკვე კარგად არის ცნობილი – ობიექტებისა, რომლებიც მასიური ვარსკვლავების „სიკვდილის“ შედეგად ჩნდება. ასტროფიზიკაში ამ მოვლენის საპირისპირო ცნებაც არსებობს, ე.წ. თეთრი ხვრელი, კიდევ უფრო ეგზოტიური და იშვიათი, ვიდრე ზღაპრული დევები თუ ვამპირები.

 შავი ხვრელი არის სივრცის ნაწილი, რომელშიც მატერია და ენერგია იმდენად კომპაქტურადაა „შეფუთული“, რომ მისი მიზიდულობის ძალისგან თავის დასაღწევად, სინათლის სხივზე მეტი სიჩქარის განვითარებაა საჭირო, რაც მოგეხსენებათ, შეუძლებელია(სინათლის სიჩქარე). სამყაროში, შავი ხვრელების უამრავი რაოდენობაა, მეცნიერებს ასობით და ათასობით კვაზარის ფოტოები აქვთ, ანუ აქტიური გალაქტიკების ცენტრალური ნაწილებისა, რომლებიც უშუალოდ ზემასიური შავი ხვრელების მოსაზღვრე რეგიონებია(კვაზარები).

 შავი ხვრელები, ურთულესი მათმატიკური ფორმულებით აღიწერება, რომელთა პარამეტრები საკმაოდ ეგზოტიურ ფიზიკურ მოვლენებსა და სიდიდეებს ეფუძნება. მიუხედავად ამისა, ისინი ნამდვილად არსებული ობიექტებია, რომელთა არსებობას აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიაც უშვებს და უკანასკნელი ათეული წლების განმავლობაში ჩატარებული ასტრონომიული დაკვირვებებიც ამას ადასტურებს(პირველად აღმოჩენილი შავი ხვრელი ნამდვილად არსებობს).

 თეთრი ხვრელის ცნება მაშინ გაჩნდა, როცა ასტროფიზიკოსებმა, რომლებიც შავი ხვრელის მათემატიკურ აღწერაზე მუშაობდნენ, მოვლენათა ჰორიზონტს იქეთ ნებისმიერი მატერიისა და მასის არსებობა ხელოვნურად გამორიცხეს. ამ გამორიცხვებმა მათემატიკური აპარატის გამარტივება გამოიწვია, თუმცა საკმაოდ ეგზოტიური თეორიული ეფექტების გაჩენის მიზეზი გახდა.

 თეთრი ხვრელი, თეორიული მათემატიკის ნაყოფია, რეალურად არ არსებული რამ. თეთრი ხვრელის პარამეტრების მქონე მოვლენა ჯერ არავის დაუმზერია, უფრო მეტიც, არც არანაირი გამოსხივება, რენტგენის თუ სხვა, რომლის წყარო თეთრი ხვრელი შეიძლება იყოს.

 თუმცა, თეთრი ხვრელი რომ არსებობდეს, შავის ანტიპოდი იქნებოდა, რაზეც მათემატიკური მოდელი მეტყველებს. მატერიის მიზიდვისა და შთანთქმის ნაცვლად, თეთრი ხვრელი, ჯადოსნური შადრევანივით, უზარმაზარი რაოდენობის მატერიის მფრქვეველი ობიექტი იქნებოდა. მართალია, ამ ამოფრქვეული მატერიის წარმომავლობა, თეორიულადაც კი ძნელი წარმოსადგენია(არსებობენ თუ არა თეთრი ხვრელები?).

 არსებული თეორიის მიხედვით, თეთრი ხვრელი იქამდე იარსებებს, სანამ მისი მოვლენათა ჰორიზონტის ფარგლებში არცერთი ჩვეულებრივი მატერიის ნაწილაკი არ იქნება. ერთად-ერთი ალფა-ნაწილაკიც კი, ანუ ჰელიუმის ბირთვი, თეთრი ხვრელის სრული განადგურების მიზეზი შეიძლება გახდეს. თუ სამყაროში თეთრი ხვრელები მართლაც გაჩნდა, ისინი დიდი ხნის წინათ დაიშლებოდა, მაშინ, როცა კოსმოსურმა სივრცემ მატერიით დაიწყო შევსება.

 არსებობენ მეცნიერებიც, რომელთა აზრით, თეთრი ხვრელები არსებობდა და ახლაც შეიძლება არსებობდეს. ჰელ ჰაგარდი და კარლო როველი, მარსელის უნივერსიტეტიდან(საფრანგეთი), ორივე ტიპის ხვრელებში მიმდინარე პროცესების ახსნას ე.წ. კვანტური გრავიტაციის მარყუჟების თეორიით აღწერით ცდილობენ(loop quantum gravity)( მოკლედ კვანტური გრავიტაციის პრობლემის შესახებ).

 თეთრი ხვრელების არსებობა დიდი აფეთქების თეორიის მტკიცებულებაც იქნებოდა, რადგან რაღაცით მას ენათესავება, თეთრ ხვრელშიც და დიდ აფეთქებაშიც, არსაიდან გაჩენილი გიგანტური რაოდენობის მატერიისა და ენერგიის ამოფრქვევა ხდება(რა აფეთქდა დიდ აფეთქებაში?).

 როგორც არ უნდა იყოს, თეთრი ხვრელი უჩვეულო მათმატიკური ცნებაა და როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ასეთი უჩვეულო მათმატიკა უკიდურესად იშვიათდ ხორციელდება რეალობაში. ასე რომ, თეთრი ხვრელები, მხოლოდ ზოგიერთი მეცნიერის თავებში არსებობს(შავი ხვრელი ყველასათვის გასაგებ ენაზე).

httpv://youtu.be/c2Y-8HWFTlo

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.