თანამგზავრმა იოდის იონური ძრავი აამუშავა

 კოსმოსური ნაგავი უკვე დიდი ხანია პრობლემად იქცა – ამის პასუხად, ორბიტაზე პატარა თანამგზავრი Beihangkonshi-1 გავიდა, რომელიც იონური ძრავითაა აღჭურვილი. თავისთავად იონური ძრავი სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა ამ თანამგზავრში  საწვავად პირველად გამოიყენეს იოდის კრისტალები. Beihangkonshi-1-ის თვითმყოფადი ელექტრული იონური ამძრავი ფრანგული კომპანიის Thrustme სასტარტო პროექტია.

იოდის იონური ძრავი მოქმედებაში.

 ჩინური თანამგზავრი მრავალდიაპაზონიანი, მრავალარხიანი ავტომატური მზვერავი და სატელეკომუნიკაციო სისტემაა, რომელიც გლობალური კომერციული თუ საზოგადოებრივი ფრენების უსაფრთხოების კონტროლს და უხარვეზო კავშირს უზრუნველყოფს. მულტიფუნციურობიდან გამომდინარე, პატარა თანამგზავრი მრავალი სხვადასხვა სისტემითაა აღჭურვილი, ამიტომ მას, და მის მსგავს სხვა აპარატებს მძიმე, კომპლექსური ძრავის ტარება არ შეუძლიათ. თანამედროვე სატელიტებს კი ავტონომიური გათბობა, მანევრირება, სიმაღლის კონტროლი და ექსპლუატაციის ბოლოს – ატმოსფეროში თვითგანადგურება მოეთხოვებათ.

 ამ ტექნიკური ამოცანების გადასაჭრელად, ეკოლეს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდმა Thrustme, საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (CNRS) და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) დახმარებით, მოდელური იონური ამძრავის სისტემა შეიმუშავა, რომელსაც, ტრადიციული სისტემებისაგან განსხვავებით, ავტონომიური კომპიუტერული უზრუნველყოფა აქვს და დამოუკიდებელი ალგორითმებით ოპერირებს.

Beihangkonshi-1.

 ელექტრული იონური ძრავი NPT30-I2 თხევად საწვავზეც მუშაობს, თუმცა მოდიფიცირების შედეგად ის იოდის კრისტალებით დატვირთეს, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე მყარ მდგომარეობაშია. თხევადი საწვავისგან განსხვავებით, იოდის ფხვნილი უწონობაში მოხაზულობას არ იცვლის და გაცილებით უფრო მკვრივია, რაც მის ენერგეტიკულ გამოსავალს მკვეთრად ზრდის.

 სკოლის ქიმიის მასალიდან ყველასთვის ცნობილია, რომ იოდის კრისტალები, ტემპერატურის მატებასთან ერთად, თხევად მდგომარეობაში არ გადადის და არ დუღს, არამედ პირდაპირ სუბლიმირდება და იისფერ აირს წარმოქმნის. იოდის ეს თვისება ძალიან გამოადგა კოსმოსურ მრეწველობას: NPT30-I2 ძრავაში გახურებულ იოდის აირს ელექტრული მუხტი მიეწოდება, შემდეგ კი ცხაურში 1.1 მეგა-ნიუტონის ძალით  აჩქარდება, რაც იმპულსს 2,400 წმ-მდე ზრდის.

 იონურ ძრავებს ორი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა აქვს – მათი მეშვეობით სატელიტისთვის შესაძლებელია ორბიტაზე დიდი სიმაღლის შენარჩუნება, რაც ხანგრძლივი მისიებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია; ამასთან, მოქნილი სამანევრო სისტემა მისიის ბოლოს სატელიტის განადგურების საშუალებას იძლევა, რისთვისაც ის მკვეთრი ტრაექტორიით ”ჩაყვინთავს” დედამიწის ატმოსფეროში და დაიწვება. ეს კი ნაკლები კოსმოსური ნაგავის არსებობას უზრუნველყოფს (ESA).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.