ზემასიური შავი ხვრელი ჩვენს შორიახლოს

 გიგანტური შავი ხვრელის მიერ ამოფრქვეული მასები, რენტგენის დიაპაზონში მომუშავე ორბიტული ობსერვატორიის – ”ჩანდრა”(NASA), საშუალებით იქნა აღმოჩენილი. ეს არის დედამიწისთან ახლოს მდებარე(კოსმოსური მასშტაბებით) კიდევ ერთი ზემასიური შავი ხვრელი, რომელსაც უმძლავრესი აფეთქებები ახასიათებს.

 ასტრონომებმა, შავი ხვრელის ზუსტი ადგილმდებარეობა დაადგინეს  – ის, პატარა გალაქტიკის, NGC 5195–ის ცენტრში მდებარეობს, რომელიც დიდი სპირალური გალაქტიკის, NGC 5194–ის კომპანიონია. ეს უზარმაზარი გალაქტიკა, მორევის(”The Whirlpool”) სახელითაც არის ცნობილი; ორივე ერთად კი გალაქტიკურ სისტემა M51-ს ქმნის, რომელიც დედამიწიდან 26 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს(M51-ში ზეახალი აფეთქდა).

 “აღსანიშანვია, რომ ასტრონომები შავ ხვრელებს ვარსკვლავებისა და ვარსკვლავთშორისი გაზის მშთანთქმელებად წარმოაჩენენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შავმა ხვრელებმა შეიძლება უკანვე “ამოანთხიოს საკვები” – ამბობს ერიკ შლეგელი, სან–ანტონიოს ტექსასის უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერი. – “ჩვენს მიერ ჩატარებული დაკვირვებები იმ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, რომ ასეთი მოვლენები ხშირი უნდა ყოფილიყო სამყაროს წარმოშობის პირველ ეტაპებზე, როდესაც შავი ხვრელები მნიშვნელოვან როლს ასრულებდა გალაქტიკების ევოლუციაში. ხსენებული შავი ხვრელი იმდენად ახლოსაა ჩვენთან, რომ მისი მოქმედების შესწავლა დეტალურად შეგვიძლია. იშვიათად თუ გაგიმართლებს ასე”.

 “ჩანდრა” გვიჩვენებს, რომ  გალაქტიკა NGC 5195–ს ცენტრთან ახლოს რენტგენული გამოსხივების ორი რკალი შეინიშნება.

 “ჩვენი აზრით, ეს თაღისებრი რკალები ორი წარმოუდგენლად მძლავრი აფეთქების კვალია, რომელიც შავმა ხვრელმა გალაქტიკის ფარგლებს გარეთ გამოაფრქვია” – განმარტავს კვლევის თანაავტორი ქრისტინ ჯოუნსი, ჰარვარდ–სმითსონის ასტროფიზიკური ცენტრის მეცნიერი.

 უშუალოდ რენტგენული რკალების მიღმა, მკვლევარებმა “ცივი” წყალბადის გაზისგან შემდაგრი მკრთალი რეგიონი შენიშნეს, რაც კიტ პიკის ეროვნული ობსერვატორიის(Kitt Peak National Observatory) 0,9–მეტრიანი ტელესკოპის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ რენტგენის გამოსხივებამ მასპინძელ გალაქტიკას წყალბადის გაზი გამოაცალა, თაღებში გამოფრქვეულ მატერიას დაუკავშირა და NGC 5195–ში ახალი ვარსკვლავების წარმოშობას ბიძგი მისცა. მაშასადამე, შავი ხვრელები არა მხოლოდ ანადგურებენ, არამედ – ქმნიან კიდეც.

 ასტრონომები ფიქრობენ, რომ NGC 5195–ის ზემასიურ შავ ხვრელში საშინელი აფეთქებები ამ პატარა გალაქტიკისა და მისი დიდი, სპირალური კომპანიონის უშუალო ურთიერთქმედებამ გამოიწვია, რადგანაც ამ პატარა გალაქტიკის შავმა ხვრელმა დიდი გალაქტიკის სპირალური “მკლავებიდან” წყალბადის გაზის “გამოსრუტვა” დაიწყო. ამ პროცესის აჩქარებით გამოწვეულმა ენერგიებმა კი აფეთქებების სერია გამოიწვია. წინასწარი გამოთვლებით, აფეთქების მომენტიდან “ვარსკვლავწარმომქმნელი” რკალების ახლანდელ მდებარეობამდე მიღწევას, სამიდან ექვს მილიონამდე წელიწადი დასჭირდა.

 აღსანიშნავია თაღისებური რკალების ადგილმდებარეობაც გალაქტიკაში: რკალების სტაბილური მდგომარეობა იმ სივრცეში დაიმზირება, რომელშიც აქამდე აღმოჩენილი სხვა ზემასიური ხვრელებიდან მქროლი “ქარები”, გარშემო მდებარე მატერიას ფანტავს; თუმცა ისინი მასიური გალაქტიკების  მანათობელი აირების საზღვრებამდე ვერ აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სისტემაში ჩვენ, შავი ხვრელისა და ვარსკვლავთშორისი მატერიის ურთიერთქმედების შუალედურ ეტაპებს ვხედავთ(კიდევ ზემასიური შავი ხვრელების შესახებ).

ავტორი: მარიკა ტარასაშვილი(წყარო: nasa).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.