ვარსკვლავების ნაკადი გალაქტიკაში NGC 5907

 სპირალური გალაქტიკა NGC 5907 (იგვე ”ხის ქერქი”, ”დანა”), დრაკონის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს, დედამიწიდან 50 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. გამოსახულების მაღალი დეტალიცაზიის მიღწევა 50 სანტიმერიანი სარკის მქონე ავტომატიზირებული ტელესკოპით (ობსერვატორია BlackBird), ხანგრძლივი დაყოვნებით გადაღბული ფოტოების შეთავსებით მოხერხდა. ჩანს ნახევრადგამჭვირვალე მარყუჟები – ხნიერი ვარსკვლავებისგან შემდგარი გრძელი კუდი, ე.წ. ვარსკვლავური ნაკადი.

 არსებობს ორი თეორია, რომლებითაც ამ ნაკადის წარმოქმნის მიზეზი შეიძლება აიხსნას. რომელია ამათგან სწორი, ძნელი სათქმელია, რადგან ცალკეული ვარსკვლავების გადაადგილების დანახვა ვერ ხერხდება. პირველი ვერსიის მიხედვით, 4 მილიარდი წლის წინათ, ამ გალაქტიკის გარშემო შედარებით პატარა გალაქტიკა ბრუნავდა. კომპანიონის მცირე მასამ NGC 5907-ს ვერაფერი დააკლო, თვითონ კი დიდი მეზობლისგან მოქმედი მოქცევის ძალით დაიშალა. მისი შემადგენელი ვარსკვლავებისა და გაზის ნაწილი გიგანტმა მიიერთა, ნაწილი კი 150 000 სინათლის წლის ზომის ნაკადად გადაიქცა. ამ ვარსკვლავთა უმეტესობა NGC 5907-ის ვარსკვლავებთან ურთიერთქმედებაში არ შედის, განჭოლავს მას და ახალ მარყუჟზე აგრძელებს მოძრაობას, სისტემის საერთო მასათა ცენტრის გარშემო. ნაკადის ვარსკვლავები სხვადასხვა სიჩქარეებით მოძრაობენ, ვარსკვლავური მარყუჟის წარმოქმნა გრძელდება.

 მეორე ვერსია, NGC 5907-სა და თითქმის მისივე ზომის გალაქტიკის შეჯახებას ვარაუდობს, დაახლოებით 7-8 მილიარდი წლის წინათ. მექანიზმი იგივეა – მოქცევის ძალები გალაქტიკებიდან კუდებს გამოწელავს, ხვეულების წარმოქმნა კი გალაქტიკათა შემადგენლის საერთო მასათა ცენტრის გარშემო ბრუნვით წარმოიქმნება.

 ამ თეორიებს შორის განსხვავება მცირეა, ნავარაუდევი შედეგი კი განსხვავებული. პირველის მიხედვით, მცირე გალაქტიკისგან პატარა და მკვრივი ბირთვი უნდა დარჩენილიყო, რომელიც არ დაიმზირება, ის NGC 5907-ის დისკოში შეიძლება იყოს და არ ჩანდეს.

 მეორეს მიხედვით, დიდი გალაქტიკების შერწყმას გაცილებით რთული და დიდი ქაოტური სტრუქტურების ფორმირება უნდ ახლდეს, თვითონ NGC 5907-საც ქაოტური ფორმა უნდა მიეღო. რეალურად კი ნაკადებს აკურატული ელიფსური ფორმა აქვს ხოლო NGC 5907-ს კლასიკური სპირალური გალაქტიკის ფორმა (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები). სინამდვილეში, სტანდარტიდან გადახრა მაინც არის, რაც ჯერ კიდევ 1976 წელს, ნაკადების დანახვამდე აღმოაჩინეს. წყალბადის განაწილების რუკაზე, გარე ”წყალბადის დისკოს” გადახრა დაიმზირება NGC 5907-ს სიბრტყის მიმართ. ეს გადახრა ჯუჯა თანამგზავრის ზემოქმედებითაც შეიძლება იახსნას და დიდი გალაქტიკების შერწყმითაც. შესაძლებელია, რომ ჯუჯას ბირთვი ახლა NGC 5907-ის ვარსკვლავთა შორის იმალება და შეშფოთებების წყაროს ვერ ვხედავთ. გარდა ამისა, ორი გალაქტიკის გაზი და მტვერი გაცილებით აქტიურად ურთიერთქმედებს ერთმანეთთან, ვიდრე ვარსკვლავები (ვარსკვლავებს შორის დიდი მანძილების გამო). შეჯახების ადგილებზე შესქელებები ფორმირდება, რაც ვარსკვლავთწარმოქმნელ პროცესებს აძლიერებს.

 NGC 5907 დიდი ხნის განმავლობაში სპირალური სტრუქტურის მქონე, იზოლირებული გალაქტიკის ტიპიურ მაგალითად ითვლებოდა. სპირალური სტრუქტურის ფორმირების ერთ-ერთი არაპოპულარული თეორიის მიხედვით, რამდენიმე გალაქტიკის ურთიერთქმედებასთან უნდა გვქონდს საქმე. NGC 5907-ს ამ თეორიის არამართებულობის დასამტკიცებლადაც იყენებდნენ ხოლმე: მასთან ახლოს არ ჩანს მიზიდულობის წყაროები, რომლებიც ამ მოდელით ნავარაუდევი სპირალების გაჩენას უზრუნველყოფდა. ახლა ეს თეორია ისევ აქტუალური ხდება, გარდა ამისა, იზოლირებული სპირალური გალაქტიკების ნაკადების აქტიური ძებნა იწყება. ამავდროულად, მათი აღმოჩენა მოყვარულებსაც შეუძლიათ, ნაკადების მოძიება განსაკუთრებულად დიდი ტელესკოპების გამოყენებას არ მოითხოვს, მხოლოდ მოთმინება და ხანგრძლივი ექსპოზიციით გადაღებული ერთნაირი ფოტოები.

 ვარსკვლავური ნაკადები არა მარტო გალაქტიკათა წარმოქმნის მოდელების შესაქმნელად გამოდგება, არამედ კოსმოლოგიური მოდელების შემოწმებისა და ახლის ძიებისთვისაც. ნაკადებში მოძრავ ვარსკვლავებზე დაკვირვებით, გალაქტიკებში და მათ გარშემო არსებული ბნელი მატერიის (სამყაროს შემადგენელი ჩვეულებრივი მატერიის დანაკლისის პრობლემა) განაწილების გაცილებით ზუსტი პარამეტრების მიღებაა შესაძლებელი. ვარსკვლავური ნაკადი ჩვენ გალაქტიკასაც აქვს – მაგელანის ნაკადი, ხოლო NGC 5907-ის ვარსკვლავური კუდების წარმოშობის გარკვევით მისი ისტორიაც გაირკვევა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.