ენქის ჯაჭვი

 იუპიტერის თანამგზავრის, განიმედეს ზედაპირის აქ წარმოდგენილი ფოტო, ავტომატურმა კოსმოსურმა აპარატმა — “გალილეო”, 1997 წელს გადაიღო. გამოსახულების ცენტრში ჩანს დარტყმითი კრატერებით ფორმირებული 13 რგოლიანი წარმონაქმნი, სიგრძით 151 კილომეტრი. მას ენქის ჯაჭვი უწოდეს, შუმერული წყლის ღვთაების, ენქის საპატივცემულოდ.

 დიდი პლანეტების თანამგზავრებზე ასეთი სტრუქტურები იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს, დარტყმითი ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი ნიშნებით: სიღრმის შეფარდება დიამეტრთან 1/3-ზე, კიდეების შემომფარგლავი წამოწეული ქანები და ნაყარი ფრაგმენტები, ასევე, ცენტრალური ბორცვი. აქედან გამომდინარე, კრატერების მორფოლოგია მათ ვულკანურ და სხვა გეოლოგიურ წარმოშობას გამორიცხავს (ასტროჭრილობები).

იუპიტერის მთვარე კალისტოზე მდებარე კრატერების, გიპულის ჯაჭვი 620 კმ. სიგრძისაა, უდიდესი კრატერის დიამეტრი კი 40 კილომეტრია (“ვოიაჯერ 1“/NASA).

 არსებობს კრატერთა ჯაჭვები, რომლებიც ამოტყორცნილი ქანების ხელმეორედ ვარდნით გაჩნდა. ანუ, ვარდნილი დიდი ასტეროიდი პატარა ფრაგმენტებს ფანტავს, რომლებიც შემდეგ ერთ ხაზზე უბრუნდება ზედაპირს. ასეთ შემთხვევაში, ჯაჭვები ერთ დიდ კრატერთან უნდა იყოს დაკაშირებული, რაც ენქის ჯაჭვთან არ დაიმზირება.

 ჯაჭვების გაჩენაში დამნაშავენი მალევე მოიძებნა, რაშიც მეცნიერებს კომეტა შუმეიკერ-ლევი 9 (D/1993 F2) დაეხმარა, რომელიც 1993 წელს აღმოაჩინეს. მზის გარშემო მოძრავმა კომეტამ, იუპიტერის ახლოს გაირა, მის ძლიერ მიზიდულობის ძალას ვერ გაუძლო, დაიშალა და 21 ფრაგმენტის სახით დაიწვა გიგანტის ატმოსფეროში (როშეს ზღვარი და როშეს ღრუ).

 ასე რომ, არსებობდა სხვა კომეტებიც, რომლებიც ასეთნაირადვე დაიშალა და მათი ფრაგმენტები თანამგზავრებს შეეჯახა. პრაქტიკულად ერთი ტრაექტორიით მოძრავი ნამსხვრევები, ერთ ხაზზე ცვიოდა, ერთმანეთთან ახლოს, კრატერთა ჯაჭვების წარმოქმნით. ვინაიდან დარტყმის სიჩქარე და კუთხე თითქმის ერთნაირია, კრატერების ზომა და ფორმაც მსგავსია.

 და მაინც, ენქის ჯაჭვის შუაში კრატერების ზომათა გადიდება შეიმჩნევა. როგორც ჩანს, ეს განსხვავება კომეტის ფრაგმენტების მასითა და სიმკვრივით არის განპირობებული. ყველაზე დიდი კრატერი ჯაჭვის ცენტრშია, რაც კომეტის ბირთვის ვარდნის ადგილს შეესაბამება, სხვები კი კომეტის მცირე სიმკვრივის ფენების ვარდნის ადგილებია, რაც კომეტის მოქცევითი დაშლის მექანიზმსა და მის აღნაგობასაც კარგად შეესაბამება.

განიმედე, ყველაზე დიდი ბუნებრივი თანამგზავრი მზის სისტემაში.

 ენქის ჯაჭვის გარდა, მთავარ ფოტოზე თვითონ განიმედეს ზედაპირის საინტერესო დეტალებიც შეიძლება შევამჩნიოთ: უამრავი კრატერით დაფარული ძველი ჩამუქებული ადგილები ზედა მარცხენა ნაწილში და შედარებით ახალი ნათელი ზედაპირი მარჯვნივ და ქვემოთ, რომელიც ღარებითა და ტალღოვანი შვერილებით არის დაფარული. კომეტა სწორედ ამ რეგიონების გამყოფ საზღვართან დაეცა. ნათელ ფონზე, კიდევ უფრო თეთრი ნაყარი შეიმჩნევა – ქანები, რომლებიც დარტყმის დროს ზედაპირიდან ამოიტრყორცნა და კრატერების გარშემო ჩამოცვივდა. გამუქებულ ნაწილზე ასეთი ამონაფრქვევები არსად ჩანს. ალბათ, იქაურ ზედაპირულ და ზედაპირქვეშა ქანებს ერთი ფერი აქვს.

 23 კრატერიანი დეივის ჯაჭვი მთვარეზე, სიგრძით 50 კმ. მარჯვნივ – დეივის 34 კილომეტრიანი კრატერი. ფოტო გადაღებულია 1972 წლის 23 აპრილს, “აპოლო-16“-ის მიერ, 119 კმ. სიმაღლიდან (wms.lroc.asu.edu).

 ნათელი ნაწილის ზოგიერთ კრატერში შემაღლებები დაიმზირება. ისინი ქანების მაქსიმალური შეკუმშვის ადგილზე ტალღის ზემოქმედებით ჩნდება (როგორც წვეთის დაცემისას წყლის ზედაპირზე). ბნელ მხარეს, ისინი ბევრად უფრო პატარაა ან საერთოდ არ არის. ეს ფაქტი იმაზე შეიძლება მიუთითებდეს, რომ ნათელ მხარეს ქანები უფრო რბილი და ელასტიურია.

“გალილეო” (NASA).

 ვინაიდან “გალილეოს” და სხვა კოსმოსურ ხომალდებს ენქის ჯაჭვის შესწავლის დავალება არ ჰქონდა, მისი ზუსტი პარამეტრების დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია. ამ და მსგავსი ჯაჭვების უფრო დეტალურმა შესწავლამ შესაძლოა ნათელი მოჰფინოს განიმედეს გეოლოგიურ პროცესებს. მზის სისტემაში კრატერების ასეთი ჯაჭვების რაოდენობა იმაზე მიუთითებს, რომ კომეტების დაშლა ხშირად ხდება — ყოველ 1-2 საუკუნეში ერთხელ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.