გრავიტაციული საფლავი…

 ზედედამიწები, ჩვენს პლანეტაზე ორჯერ მეტი რადიუსის მქონე ეგზოპლანეტები, ასტრონომთა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან მათ ზედაპირზე სიცოცხლის გაჩენის ალბათობა მაღალია. ამასთანავე, გრავიტაცია, უცხო სიცოცხლისთვის თავსებადი პირობების შემქნელი ძალა, ხაფანგიც შეიძლება იყოს, რომელიც ჰიპოთეტურ უცხოპლანეტელებს ღია კოსმოსში გასასვლელს უკეტავს!

სხვა ვარსკვლავებთან აღმოჩენილი პლანეტების შესახებ დღეისათვის არსებული ცოდნა გვიჩვენებს, რომ დედამიწის მსგავსი პლანეტები იშვიათობაა (დედამიწა – იშვიათი გამონაკლისი…), რასაც ვერ ვიტყვით ე.წ. ზედედამიწებზე, კლდოვან პლანეტებზე, რომელთა რადიუსი ნახევარჯერ მაინც აჭარბებს დედამიწისას. მეცნიერები ასეთ ობიექტებს დიდი ინტერესით სწავლობენ, რადგან თუ რომელიმე მათგანზე სიცოცხლე არა მარტო გაჩნდა, არამედ კაცობრიობის განვითარების დონესაც მიაღწიოს, მათი მოღვაწეობის ნიშნების დანახვა შეძლონ. თუმცა, ჟურნალ International Journal of Astrobiology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გამოვლინდა: მიზიდულობის მცირედი გაძლიერებაც კი, დედამიწის მიზიდულობას რომ შევადაროთ, ცივილიზაციის ინტელექტუალურ განვითარებაზე, ყველა მიმართულებით, უდიდეს ზეგავლენას მოახდენს.

გრავიტაცია: უცხოპლანეტელების მეგობარი და მტერი

 “დედამიწაზე დიდი და მასიური ეგზოპლანეტების გრავიტაცია, კოსმოსურ ფრენებს უკიდურესად ართულებს, რადგან მის დასაძლევად საჭირო საწვავის მასა ექსპონენციალიურად გაიზრდება” -ამბობს მაიკლ ჰიპკე, ზონენბერგის ობსერვატორიიდან (გერმანია). მაგალითად, დედამიწაზე ორჯერ მეტი რადიუსის პლანეტის მასა 10-ჯერ მეტი იქნება, ხოლო გრავიტაცია დაახლოებით ორჯერ ძლიერი (პლანეტის სიმკვრივეს გააჩნია). ასეთი “ზემძიმობა” სიცოცხლის ჩასახვას ხელს უწყობს, რადგან ზედაპირთან აკავებს გაზებს და სქელი ატმოსფეროს არსებობას უზრუნველჰყოფს.

 ავიღოთ Kepler-20b, დედამიწაზე 1,87-ჯერ მეტი რადიუსითა და 9,7-ჯერ მეტი მასით. ასეთი პლანეტიდან 1 ტონა მასის ტვირთის კოსმოსში გასატანად “სატურნ-5”-ზე სამჯერ დიდი რაკეტა მატარებელი იქნებოდა საჭირო, ხოლო 6,2 ტონიანი “ჯეიმს ვების” ტელესკოპის ორბიტაზე გასატანად – დაახლოებით 55 000 ტონა საწვავი! ასეთ პირობებში კოსმოსური ხომალდის სადმე გაგზავნა კი საერთოდ არარეალურად გამოიყურება: “აპოლო-11”-ის მსგავსი მისიის განსახორციელებელი ხომალდის ავზის ზომა ეგვიპტის დიდი პირამიდის ზომას გაუტოლდებოდა!

კოსმოსური ფრენები

რა თქმა უნდა, თუ ზედედამიწელი უცხოპლანეტელები მართლაც განვითარებული არსებები აღმოჩნდნენ, ადრე თუ გვიან, პლანეტის გრავიტაციით დაწესებული შეზღუდვების აცილების საშუალებებს მოიფიქრებენ: სტარტი ატმოსფეროდან, მთის მწვერვალებიდან. ამ უკანაკსნელზეც კარგს ვერაფერს ვიტყვით, რადგან ძლიერი გრავიტაზიის მქონე პლანეტის ზედაპირზე დაბალი მთები იქნება, რადგან მათი დაშლა საკუთარი მასითვე მოხდებოდა. მთლიანად წყლით დაფარულ ზედედემიწაზე კი ისედაც მძიმე (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება.

დასკვნა

 ბოლოს, ჰიპკე დასძენს, რომ დედამიწაზე 10-ჯერ მასიური პლანეტებიდან კოსმოსური მოგზაურობებისთვის ქიმიურ საწვავზე მომუშავე რაკეტების გამოყენება სათავლავშიც კი არ იქნება. სპეციალისტთა აზრით, ასეთი რაკეტის გაშვებისთვის, პლანეტის მთლიანი რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილის გამოყენება იქნებოდა საჭირო. ერთად-ერთი საშუალება, რომელიც ჰიპოთეტურ მოაზროვნე ძმებს კოსმოსში მოახვედრებს, კოსმოსური ლიფტია (კოსმოსში რაკეტის გარეშე), რომლის აგება ჩვენთვის უცნობ ტექნოლოგიებსა და განსაკუთრებული სიმტკიცის მასალებს მოითხოვს. ასე რომ, თუ ოდესმე ჩვენი ვარსკვლავთმფრენი მშობლიურ პლანეტაზე მიჯაჭვულ უცხოპლანეტელებს აღმოაჩენს, საპასუხო ვიზიტით ისინი დამდვილად ვერ მოგვადგებიან 🙂 (ეგზოპლანეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.