ალბერტ აინშტაინი – დაკარგული ხელნაწერი

 1931 წელს, დიდი ფიზიკოსი, სტაციონარული სამყაროს თეორიას იკვლევდა (Nature News). ხელნაწერიდან გამომდინარე, რომელიც ათული წლების განმავლობაში შეუმჩნეველი რჩებოდა, ალბერტ აინშტაინმა, ერთ დროს, დიდი აფეთქების თეორიის ალტერნატივის მიმართ ინტერესი გამოიჩინა – თეორიის მიმართ, რომლის მიხედვითაც სამყარო მარადიულ და უცვლელ გაფართოებას განიცდის. 1931 წელს დაწერილი ნაშრომი, ბრიტანელი ასტროფიზიკოსის, ფრედ ჰოილის ნაშრომებს ჰგავს, რომლებიც თითქმის 20 წლის მერე დაიწერა. აინშტაინმა ეს იდეა მალევე მიაგდო, თუმცა ნანახი ხელნაწერი იმაზე მეტყველებს, რამდენად ძნელი იყო მისთვის სამყაროს მომენტალური გაჩენის შესახებ აზრის მიღება.

ainshtaini habli ალბერტ აინშტაინი მაუნთ-ვილსონის ობსერვატორიაში (1931 წ.). ცენტრში  – ედვინ ჰაბლი, მარჯვნივ – უოლტერ ადამსი.

 დიდი აფეთქების თეორიამ ემპირიული საფუძველი წინა საუკუნის ოციან წლებში მიიღო, როცა ამერიკელმა ასტრონომმა ედვინ ჰაბლმა და სხვა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შორეული გალაქტიკები ყველა მიმართულებით გაგვირბიან და სამყარო თითქოს ფართოვდება. ლოგიკური იყო გვევარაუდა, რომ წარსულში, ხილული სამყარო ძალიან მკვრივ და ცხელ წერტილში იყო თავმოყრილი.

 თუმცა, ორმოციანი წლების ბოლოს ჰოილმა არგუმენტი იპოვა სასარგებლოდ იმისა, რომ სამყარო მარადიულად ფართოვდება, ხოლო სიმკვრივე უცვლელი რჩება: ახალი მატერია მუდმივად ემატება, განუწყვტელივ ჩნდება ნაწილაკები, რომლებითაც შემდეგ ახალი გალქტიკები ყალიბდება. ჰოილის სამყარო უსასრულოა, ამიტომ მისი ზომა არ იზრდება, ის სტაციონარულია.

 ნაპოვნი ხელნაწერი იმაზე მეტყველებს, რომ აინშტაინი, არსებითად, იგივე აზრმა შეიპყრო. „სიმკვრივე რომ უცვლელი დარჩენილიყო, მუდმივად უნდა გაჩენილიყო ახალი ნაწილაკები“ – წერს იგი. როგორც ჩანს, ნამუშევარი 1931 წელს კალიფორნიაში მოგზაურობისას შეიქმნა: ამაზე საფოსტო ქაღალდიც მიუთითებს.

 ხელნაწერი ყველასთვის დასანახავად ისრაელში, ალბერტ აინშტაინის არქივში ინახებოდა, წარმოდგენილი იყო საიტზეც, თუმცა შეცდომით, სხვა ნაშრომის სახელით. ფიზიკოსი კორმაკ ორაფერტი უოტერფორდის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან (ირლანდია) ამბობს, რომ კინაღამ სკამიდან გადმოვარდა, როცა მიხვდა რაზე იყო საუბარი ხელნაწერში. კოლეგებთან ერთად გერმანულიდან ნათარგმნი arXiv.org-ზე გამოაქვეყნა და ჟურნალ European Physical Journal-შიც გადააგზავნა.

 „ეს აღმოჩენა ამტკიცებს, რომ ჰოილი არ იყო ახირებული“ – აღნიშნავს საიმონ მითთონი, მეცნიერების ისტორიკოსი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი), რომელმაც 2005 წელს ფრედ ჰოილის ბიოგრაფია გამოაქვეყნა. თვით ფაქტს, რომ აინშტაინი სტაციონარული სამყაროს მოდელზე ფიქრობდა, ჰოილისთვის დიდი დახმარება შეეძლო გაეწია, როცა მან მეცნიერული სამყაროსთვის თავისი თეორიის წარდგენა გაბედა. ორაფერთი დარწმუნებულია, რომ ჰოილი მოიხსენიებდა აინშტაინსაც, მისი ნამუშევარის შესახებ რაიმე რომ სცოდნოდა.

 დროთა განმავლობაში ჰოილის მოდელი ასტრონომიულმა დაკვირვებებმა უარყო, მათემატიკური თვალსაზრისით ის სრულიად შემდგარ თეორიად შეიძლება ჩაითვალოს: აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის განტოლებებიდან, მატერიის სპონტანური გაჩენის მექანიზმის არსებობა გამომდინარეობს. აინშტაინის ხელნაწერი იმას მოწმობს, რომ თავიდან მას ასეთი მექანიზმის დასაბუთების სჯეროდა, თავისი თავდაპირველი თეორიის მოდიფიკაციის აუცილებლობის გარეშე. თუმცა შემდეგ, თუ ორაფერტს და მის კოლეგებს დავუჯერებთ, მეცნიერი მიხვდა, რომ გამოთვლებში შეცდომა დაუშვა. როცა ეს აღმოაჩინა (რიცხვი სხვა მელნითაა გადასწორებული), მან ალბათ გადაწყვიტა, რომ იდეა ყურადღების ღირსი არაა და მასზე უარი თქვა.

ainsht cvlileba formulashi შესწორება.

 არაფერია ცნობილი, რომ აინშტაინი ამ გამოთვლებს ვინმეს უზიარებდა. კოსმოლოგი ჯეიმს ფიბლსი პრინსტონის უნივერსიტეტიდან (ა.შ.შ.) ეჭვობს, რომ აინშტაინი უეცარმა აღტაცებამ შეიპყრო, მუშაობას შეუდგა, თუმცა იდეის ცდომილებაში მალევე დარწუმდა, რომელიც თავიდან გენიალურად ეჩვენებოდა და აღარ დაბრუნებია მას.

 ჩვენთის ეს ეპიზოდი პირველ რიგში იმითაა საინტერესო, რომ აინშტაინი დიდი აფეთქების თეორიის მიმართ მაინცდამაინც კარგად არ იყო განწყობილი, თუმცა სხვა მეცნიერებმა ნათლად გვიჩვენეს, რომ ეს მისივე ფარდობითობის ზოგადი თეორიიდან გამომდინარეობდა. აინშტაინი მარტო არ იყო. კემბრიჯელი ასტრონომი არტურ ედინქთონი დიდ აფეთქებას ეჭვის თვალით უყურებდა, მასში მისტიკურ მომენტებს ხედავდა. ასეა თუ ისე, სამყაროს გაფართოება დამტკიცდა (ნობელის პრემია ბნელი ენერგიისგან), აინშტაინს კი უძრავი სამყაროს „გადაყვარება“ მოუწია. მდგრადი მდგომარეობის მოდელი ერთის მეორესთან შერიგების საშუალებას იძლეოდა, ამიტომაც აინშტაინი გარკვეული დროის განმავლობაში წაეთამაშა კიდეც მას (მოკლედ დიდი აფეთქების შესახებ; რა აფეთქდა დიდ აფეთქებაში?; ყოვლისშემძლე ინფლაცია; ჰაბლის კანონი; სტაციონარული სამყაროს თეორია; არაგაფართოებადი სამყაროს მოდელი; ”დამძიმებული” გრავიტონები და სამყაროს გაფართოება; მულტისამყარო; ფარდობითობის თეორია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.