ცისფერი დაისი წითელ პლანეტაზე

ცისფერი დაისი წითელ პლანეტაზე

 2015 წლის 15 აპრილს, 956 მარსულ დღეს, მარსმავალ Curiosity(”ცნობისმოყვარეობა”)-ს კამერამMastCam, ფოტოების სერია გადაიღო, რომლებზეც წითელი პლანეტა მისთვის უჩვეულო ცისფერი, ლურჯი და მუქი ცისფერი ფერებითაა შეღებილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს კამერა შავ-თეთრ ფოტოებს იღებს, სხვადასხვა შუქფილტრების გამოყენებით, პლანეტარული საზოგადოების მკვლევარებმა შეძლეს, რეალური თუ არა, რეალურთან ძალიან ახლოს მდგომი გამოსახულების მიღება.

 მარსის ტროპოსფეროში, დაახლოებით 40 კილომეტრის სიმაღლეზე, დიდი რაოდენობით მტვრის უწვრილესი ნაწილაკებია გაბნეული, რომლებსაც, როგორც თვითონ მარსის ზედაპირს, მოწითალო ელფერი გადაკრავს. მზის ჩასვლის დროს, როცა მზის შუქის ინტენსივობა მკვეთრად იკლებს, მტვრის ნაწილაკები სპექტრის(თინდალის ეფექტი) წითელი ნაწილის არეკვლასა და გაბნევას იწყებენ, ხოლო პლანეტის ზედაპირისკენ მოცისფრო-მწვანე ნარევს ატარებენ.

curiosity grafic

 აღსანიშნავია, რომ მარსზე დაშვების მერე Curiosity-მ, დედამიწისეულისგან სრულიად განსხვავებული, 3940 მარსული დაისი ”იხილა”. მარსის ზედაპირიდან დანახული მზის ზომა, დედამიწიდან დანახულის 5/8-ს შეადგენს, ხოლო მნათობისგან მიღებული სინათლე 40 პროცენტია იმისა, რასაც დედამიწა იღებს, რის გამოც მარსული დაისები გაცილებით ბნელია.

 დაისი და ნათელი საღამო მარსზე 2 საათით მეტ ხანს გრძელდება, ვიდრე დედამიწაზე. ეს არა მარტო იმითაა გამოწვეული, რომ იქაური დღე-ღამე 24 საათი და 37 წუთი გრძელდება, არამედ იმითაც, რომ პლანეტის ზედაპირი მაღალ სიმაღლეზე მდებარე მტვრის მიერ არეკლილი სინათლით აგრძელებს ნათებას.

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *