უზარმაზარმა ბეტელგეიზემ, ოდესღაც, მზის მსგავსი კომპანიონი ვარსკვლავი „გადასანსლა“  წითელი ზეგიგანტი ვარსკვლავი ბეტელგეიზე, კოსმოსური ტელესკოპის - ”ჰერშელი”, თვალით: 70, 100 და 160 მიკრონის ტალღის სიგრძეებით გადაღებული სურათების კომპოზიცია(ჯამური გამოსახულება)(ESA/Herschel/PACS/L. Decin et al).

უზარმაზარმა ბეტელგეიზემ, ოდესღაც, მზის მსგავსი კომპანიონი ვარსკვლავი „გადასანსლა“

 ორიონის თანავარსკვლავედის უზარმაზარმა წითელმა ვარსკვლავმა – ბეტელგეიზემ, როგორც ჩანს, არც ისე დიდი ხნის წინათ, კომპანიონი „გადასანსლა“(hspace.com). ბეტელგეიზე მალე განადგურდება, როგორც ზეახალი. მისი ვარსკვლავური კლასის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, ეს წითელი, ისედაც ზეგიგანტი მნათობი, სიცოცხლის ბოლოს წარმოუდგენლად „გასივდა“. ბეტელგეიზეს მასა მზისას დაახლოებით 20-ჯერ, ხოლო ზომებით – 1000-ჯერ(!) აღემატება და ეკვატორულ განიკვეთში 1,4 მილიარდ კილომეტრს შეადგენს. მზის ადგილზე ის ასტეროიდების სარტყელს მისწვდებოდა.

 ასტროფიზიკოსებს აზრით, ასეთი არანორმალურად დიდი ვარსკვლავი გაცილებით უფრო ნელა უნდა ბრუნავდეს, რადგან დიამეტრში ზომის ზრდასთან ერთად მისი როტაციული სიჩქარე უნდა შემცირებულიყო (გაიხსენეთ მოციგურავე, რომელიც მკლავების გაშლის ან სხეულზე მიჭერის საშუალებით ბრუნვის სიჩქარეს აკონტროლებს); მაგრამ ბეტელგეიზე 53 900 კმ/სთ სიჩქარით ბზრიალებს, რაც მისი მსგავსი ვარსკვლავების როტაციის ტიპიურ სიჩქარეს, სულ მცირე, 150-ჯერ აღემატება (The Brightest Stars in the Sky: A Starry Countdown).

 ტექსასის უნივერსიტეტის მეცნიერი ჯეი ქრეიგ უილერი და მისი კოლეგები მიიჩნევენ, რომ ბეტელგეიზეს ბრუნვის უჩვეულო სიჩქარე მის მიერ კომპანიონის, მზის მსგავსი ვარსკვლავის შთანთქმის შედეგია, რომლის ორბიტის კუთხური მომენტიც მას გადაეცა. კომპიუტერული მოდელის მიხედვით, ეს დაახლოებით 100 ათასი წლის წინათ უნდა მომხდარიყო, რამაც მნათობის ბრუნვის აჩქარება და კოსმოსში ბეტელგეიზეს ღრუბლოვანი მასების გაფრქვევა გამოიწვია 36 000კმ/სთ. სიჩქარით.

 და აი, კოსმოსური ტელესკოპის – ”ჰერშელი”, მიერ ახლახანს გადმოცემულმა გამოსახულებებმა დაადასტურა, რომ ბეტელგეიზედან ნავარაუდევ მანძილზე მართლაც დაიმზირება ვარსკვლავური მტვერი.

 „ცხადია, ამ ყველაფერს ერთ დღეს შეიძლება სხვაგვარი ახსნა მოეძებნოს, მაგრამ ფაქტია, რომ ბეტელგეიზეს ბრუნვის სიჩქარემ, რაღაც მიზეზით, გარკვეული ხნის წინათ მკვეთრად მოიმატა“.

 ბეტელგეიზე, მზიდან დაახლოებით 640 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. სხვა ზეგიგანტების მსგავსად, ის ახალგაზრდა ასაკში დაასრულებს სიცოცხლეს – ბეტელგეიზე სულ რაღაც 10 მილიონი წლისაა. შედარებისთვის, ჩვენი მშვიდი მზე, დაახლოებით 4,6 მილიარდი წლისაა და ჯერ სიცოცხლის ნახევარიც კი არ გაუვლია (როგორ კვდებიან ვარსკვლავები).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *