საშუალო მასის შავი ხვრელი M82-ში

 ამერიკელმა ასტრონომებმა გალაქტიკა სიგარაში(M82, მასში ახლახანს ზეახალი იქნა შემჩნეული) მდებარე შავი ხვრელის მასა შეაფასეს(nature.com).

 მეცნიერებმა ხსენებული გალაქტიკის რენტგენის დიაპაზონში ყველაზე ელვარე ობიექტის M82 X-1-ის პულსაცია შეისწავლეს, რითაც ამ ობიექტის სავარაუდო მასა დაადგინეს – დაახლოებით 428±105 მზის მასა. სხვა შეფასებების მიხედვით, რელატივისტური პრეცესიის მოდელიდან გამომდინარე, ამ წყაროს მასა 415±63 მზისას უნდა შეადგენდეს.

 სპირალური გალაქტიკა სიგარა დიდი დათვის თანავარსკვლავედში მდებარეობს, 12 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მზიდან. M82-ში ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები ინტენსიურად მიმდინარეობს, ხოლო მის ცენტრში 30 მილიონი მზის მასის ზემასიური შავი ხვრელი უნდა იყოს(შავი ხვრელების საიდუმლო).

RXTE(NASA).
 ნასას კოსმოსური ტელესკოპი ”ჩანდრა”, 1999 წლიდან დაწყებული, M82-ის ცენტრიდან 600 სინათლის წლის მანძილზე მდებარე რენტგენის ცვალებად წყაროს – M82 X-1-ს იკვლევდა. კვლევა 2004-2010 წლებში ასევე რენტგენის დიაპაზონის ორბიტალურმა ტელესკოპმა RXTE-მ გააგრძელა.

 მეცნიერების თქმით, გამოსხივება, ე.წ. საშუალო მასის შავ ხვრელზე მატერიის ვარდნით(აკრეცია) აიხსნება, ობიექტზე, რომლის მასა ვარსკვლავური და ზემასიური შავი ხვრელების მასებს შორისაა.

 მკვლევარები საშუალო მასების შავი ხვრელების ძებნას განაგრძობენ, ასევე შესაძლო თეორიულ ახსნას იმისა, რატომ არის ასეთი სხვაობა საშუალო და ზემასიური მასების შავი ხვრელების რაოდენობებს შორის(მძლავრი მძლავრები; პირველად აღმოჩენილი შავი ხვრელი ნამდვილად არსებობს).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.