კიდევ ერთი ღამე საოცარი ასტრონომიული სანახაობებისთვის! თუ იმ იღბლიანთა შორის ხართ, ვისაც ტელესკოპი, ბინოკლი ან/და კარგი ციფრული ფოტოაპარატი აქვს – დასაკვირვებლად და ასტროფოტოგრაფიისთვის შესანიშნავი შემთხვევაა (მობილურისთვის გამოიყენეთ შტატივი და ავტო-გადაღება!), მაგრამ ყველაფერს, რასაც ახლა ჩამოგითვლით, შეუიარაღებელი თვალითაც იხილავთ 🙂 (გადი, ღრუბელო!).
საღამოს 8 საათისთვის გაზის გიგანტი პლანეტა სატურნი უკვე მაღლა ცაშია, ის დამკვირვებლისთვის საუკეთესო ”პოზაშია” – ტელესკოპში დაინახავთ მის ლამაზ რგოლებს, ხოლო ცოტა მოშორებით – მის მთვარეს, ტიტანს, რომელიც ცნობილია თავისი ასტრობიოლოგიური გამოცანებით. აღმოსავლეთით ამოსვლას იწყებს მზის სისტემის უდიდესი პლანეტა – იუპიტერი, რომელიც ღამის ცაზე ღამის პირველ საათამდე დარჩება. ტელესკოპში მოჩანს მისი ბობოქარი ატმოსფეროს ზოლები, ცნობილი ქარიშხალი ”დიდი წითელი თვალი” და ოთხი გალილეოსეული მთვარე: იო, კალისტო, ენცელადი და ევროპა. იუპიტერი ახლა ო პ ო ზ ი ც ი ა შ ი ა (მზის ”მიღმა” დედამიწელი დამკვირვებლისთვის) და თითქმის იდეალურად მოჩანს, თითქოს-და ცაში ჩამოკიდებული, დიდი, თეთრ-ყვითელი ბურთივით.
სატურნის ქვემოთ, ტელესკოპით, შეამჩნევთ ასტეროიდ ვესტას. ეს პ ე რ ი ო დ უ ლ ი ასტეროიდია და მზის სისტემის გარშემო სტაბილურ ორბიტაზე მიმოიქცევა. თუ თბილისიდან მოშორებით ხართ – დაკვირვებისას დროდადრო გაიელვებს მეტეორები – ეს სამხრეთის აკვარიდებია. სავარაუდოდ, ამ მეტეორული ნაკადის წყაროა კომეტა 96P მაჩჰოლც-ის კუდი, რომელიც დედამიწის ორბიტასთან პერიოდულად გადაიკვეთება; მისი ვიზუალური ცენტრი მერწყულის თანავარსკვლავედში მდებარეობს.
გაიხედეთ დასავლეთით 21.00 – სულ მალე სწრაფად მოძრავ, კაშკაშა ობიექტს შეამჩნევთ – ეს სკს – საერთაშორისო კოსმოსური სადგურია, რომელიც ნარინჯისფერი, მოკაშკაშე ვარსკვლავის, არქტურისკენ აიღებს გეზს და ”გვერდით” ჩაუვლის – ძალიან საინტერესო გადასაღები იქნება, და ჩრდილო-დასავლეთისკენ განაგრძობს სვლას.
22.00: იუპიტერი აღმოსავლეთით მაღლა ცაშია, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი მოყვითალო კაპელა კაშკაშებს, მეეტლის თანავარსკვლავედის ყოჩაღი, მოყვითალო ვარსკვლავი, რომელიც საქართველოს ცაზე სულ მოჩანს (ე.წ. ჩაუვალი ვარსკვლავი).
მთელი ღამე, სამხრეთ-დასავლეთით, იდეალურად მოჩანს ირმის ნახტომი – ჩვენი მშობლიური გალაქტიკის კიდე. ამ მკრთალი ზოლისგან მარჯვნივ და ქვემოთ, ჰორიზონტთან ახლოს, იოლად შეამჩნევთ მორიელის თანავარსკვლავედის მთავარ მნათობს – ანტარესს (ანტ-არეს, ანუ ”მარსთან მებრძოლი”). ეს მოწითალო ვარსკვლავი ხშირად ერევათ ხოლმე პლანეტა მარსში.
შეგახსენებთ, რომ ირმის ნახტომის ზოლი ასტროფოტოგრაფიის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესო გადასაღები ობიექტია, ამიტომ გთავაზობთ შესაბამის ინსტრუქციას.
თუ ძალიან ადრე არ იძინებთ, ნუ დაიზარებთ – გაიხედეთ აღმოსავლეთით კიდევ ერთხელ, 23.30-ზე. კაპელა მაღლა ცაშია, ამოდის მილევადი მთვარე (ტელესკოპით დაკვირვებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ფაზაში) , გვერდით კი თავს იწონებს მკვეთრად მოკაშკაშე წითელი პლანეტა – მარსი. მარსიდან მარჯვნივ კუროს თანავარსკვლავედის ასევე მოწითალო ალდებარანი თვალს ”გვიპაჭუნებს” . თუ ალდებარანიდან ზემოთ წარმოსახვით ვერტიკალურ ხაზს გავავლებთ – იოლად შევამჩნევთ ულამაზეს პლეადებს. შეამოწმეთ, რამდენ ვარსკვლავს დაითვლით შეუიარაღებელი თვალით ამ შესანშნავ ვარსკვლავიერ გროვაში?
დღეისათვის სულ ეს არის. გინდათ, ყოველთვის იცოდეთ, რა ხდება ცაზე ღამით? მაშინ გადმოიწერეთ უ ფ ა ს ო ასტრონომიული აპლიკაციები: SkyMap, SkEye, Stellarium და სხვა, ხოლო რჩევებისთვის მოგვწერეთ საქართველოს ასტრონომიის კლუბის ფოსტაზე: https://www.facebook.com/GAC.ge
კიდევ უფრო მეტი საინტერესო, დაწვრილებითი ინფორმაცია კუროს, მორიელისა და მეეტლის თანავარსკვლავედების საინტერესო ობიექტების შესახებ ჩვენს ბლოგში:
- https://geoastroclub.blogspot.com/2015/03/blog-post.html
- https://geoastroclub.blogspot.com/2016/09/blog-post_45.html
- https://geoastroclub.blogspot.com/2015/03/blog-post_4.html
სასიამოვნო დაკვირვებას გისურვებთ!
მადლობა, ჩვენთვის იოლად ახსნილი გაკვეთილისთვის! ჩემნაირი დამწყებებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია!