პლანეტარიუმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

 ჩვენი გარემომცველი სამყაროს დიდებული სილამაზის შესწავლისათვის პლანეტარიუმი საუკეთესო ადგილია (theculturetrip.com). პლანეტარიუმი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ შენობა: აქ თქვენ სინათლით დაბინძურებულ ქალაქებს განერიდებით და გალაქტიკების სამყაროში გაემგზავრებით, შეისწავლით შავ ხვრელებს, მეტეორებს, გასაოცარ კოსმოსურ სხეულებს. გიყვართ ღამის ცა? – ეწვიეთ მსოფლიოს არაჩვეულებრივ და განუმეორებელ პლანეტარიუმებს. 

ნაგოიას სამეცნიერო მუზეუმი

ქალაქ ნაგოიას სამეცნიერო მუზეუმი, იაპონია

 ნაგოიას სამეცნიერო მუზეუმში (Nagoya City Science Museum) მსოფლიოს უდიდესი პლანეტარიუმი განთავსდება: მასიური მეტალური თაღის დიამეტრი 35 მეტრია, ხოლო მის ქვეშ 350 სკამია. აქ, სიმულირებულ ღამის ცაზე, ათასობით ვარსკვლავს დააკვირდებით და ახლოდან დაინახავთ გასაოცარ ასტრონომიულ მოვლენებს, დაბნელებებსა და მეტეორებს. მაღალი ხარისხის ხმის სისტემა კოსმოსში თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო მეტ სიმძაფრეს შემატებს.

L’Hemisfèric

L’Hemisfèric – ვალენსია, ესპანეთი

 L’Hemisfèric–ის შენობა თავად არის პროპორციების მშვენება. პლანეტარიუმი ქალაქის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ნაწილია, რომელიც აკვარიუმს და ლანდშაფტურ ბაღებსაც მოიცავს. როდესაც გიგანტური, გამჭვირვალე, შემინული “ქუთუთო” ზევით აიწევს, მის ქვეშ ბეტონის “თვალი” გამოჩნდება. შენობის გარშემო წყალია. “თვალში” IMAX–ის სისტემაა ჩაშენებული, შენობას კი “ცოდნის თვალს” უწოდებენ; აქ 3D პროექტორების მეშვეობით, 900 მეტრიანი ჩაზნექილი ეკრანის სიღრმეში “ჩატეული” კოსმოსის უკიდეგანო სივრცეებში შეაბიჯებთ.

ადლერის პლანეტარიუმი

ადლერის პლანეტარიუმი, ჩიკაგო, აშშ

 “ადლერის პლანეტარიუმი” (Adler Planetarium) ზედ ტბა მიჩიგანზეა, წყალში. მის პირდაპირ, ჰორიზონტზე, ჩიკაგოს არაჩვეულებრივი ხედია გადაშლილი. ადლერის პლანეტარიუმი 1930 წელს დაარსდა, დღეს კი ის სამ სტრუქტურულ ერთეულს მოიცავს: გრენჯერის ციურ თეატრს (ის უდიდესია და ყველაზე თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი), დეფინიტის თეატრს და სამუელ ჯონსონის საოჯახო ვარსკვლავიერ თეატრს (HD, 3D თეატრი) – ის  ახალი პროექტორებით და ხმის სისტემებითაა აღჭურვილი და მნახველებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. აქ ნახავთ საოცარ სანახაობებსა და რამდენიმე საგანმანათლებლო გამოფენასაც დაათვალიერებთ; არის ობსერვატორიაც.

ინდირა განდის სახელობის პლანეტარიუმი

ინდირა–განდის სახელობის პლანეტარიუმი, ლუკნოუ, ინდოეთი

 ინდოეთის მეცნიერების ტაძარი – სატურნის ფორმის პლანეტარიუმი (Saturn-shaped planetarium), ხუთი რგოლისა და 21 მეტრი დიამეტრის სფეროსგანაა აგებული. შენობა წამოწეულ პლატფორმას ეყრდნობა, გარშემო კი გასაოცარი წყლის შადრევნებია. პლანეტარიუმის შიგნით კოსმოსური გალერეა დაგხვდებათ, რომელიც ინდოეთის კოსმოსური პროგრამის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას. მთავარი აუდიტორიის დიამეტრი 15 მეტრია; აქ სტუმრებს შეუძლიათ ნახონ მთვარეზე Chandrayaan–ის მისიის პროექცია და სხვა ბევრი სანახაობა. პრეზენტაციების უმეტესობა ჰინდიზეა, თუმცა ინგლისურენოვანიც გამოერევა.

ჰეიდენის პლანეტარიუმი

ჰეიდენის პლანეტარიუმი, ნიუ იორკი, აშშ

 “ჰეიდენის პლანეტარიუმი” (Hayden Planetarium) ნიუ იორკში, ამერიკის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმის ნაწილია. სფერულ შენობაში ორი სექციაა: ვარსკვლავური თეატრი და დიდი აფეთქების თეატრი. ორივე მათგანი მნახველებს დღეში ორჯერ საოცარ სანახაობას სთავაზობს: პირველ დარბაზში მზის სისტემაში იმოგზაურებთ, ხოლო მეორეში – სამყაროს დაბადების მოწმე გახდებით. პლანეტარიუმის დირექტორია სახელგანთქმული ასტროფიზიკოსი ნილ დიგრეის ტაისონი, “Cosmos”–ისგანახლებული დოკუმენტური სერიების წამყვანი. ეს პლანეტარიუმია ნაჩვენები სამეცნიერო–ფანტასტიკური ჟანრის ფილმში K-pax.

ბერკ ბეიკერის პლანეტარიუმი

ერკ ბეიკერის პლანეტარიუმი, ჰიუსთონი, აშშ

 “ბერკ ბეიკერის პლანეტარიუმი” (Burke Baker Planetarium) ჰიუსთონის ბუნებისმეტყველების მუზეუმში მდებარეობს; აქ SkyScanDigitalSky ვარსკვლავური ველის პროექტორია განთავსებული, რომელიც მსოფლიოში კოსმოსის ყველაზე თანამედროვე სიმულატორია. აქ მზის სისტემის საოცარი სანახაობები გაგიტაცებთ, და თუ ეს საკმარისად არ გეჩვენებათ – თეატრის თაღქვეშ იმ ვარსკვლავებს შორის აღმოჩნდებით, რომელთა ამოცნობაშიც NASA თავის ასტრონავტებს ავარჯიშებს.

სემუელ ოშინის პლანეტარიუმი

სემუელ ოშინის პლანეტარიუმი, ლოს ანჯელესი, აშშ

 ეს პლანეტარიუმი სახელგანთქმული გრიფიტის ობსერვატორიის (Griffith Observatory) ნაწილია, განთავსებული გრიფიტ–პარკში, რაც თვით პლანეტარიუმში შესვლამდე თქვენში წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს. შენობაში ცაისის ვარსკვლავური პროექტორია; თაღი უმაღლესი ხარისხის ალუმინისგან აგებული კონსტრუქციაა, ფანტასტიური ხმის სისტემით. 23–მეტრიანი თაღის ქვეშ 290 სკამია. აქ თქვენ ღამის ცის უნიკალური სანახაობების მომსწრე გახდებით, ისტორიული წარმოდგენების ჩათვლით; და არ დაგავიწყდეთ ობსერვატორიის მონახულება.

მაკმილანის კოსმოსური ცენტრი

მაკმილანის კოსმოსური ცენტრი, ვანკუვერი, კანადა

 “ვარსკვლავური თეატრის პლანეტარიუმი”  მუზეუმში (museum),  ობსერვატორიასა  და კოსმოსურ გამოფენებთან ერთად, თაღის ეკრანზე ნახავთ პრეზენტაციებს შავ ხვრელებზე, ბნელ მატერიაზე; იმოგზაურებთ მზის სისტემაში. “ცამრგვალი დღეს” ვანკუვერის კრიალა ღამის ცას გიჩვენებთ – ეს შოუ ვანკუვერელ მოყვარულ ვარსკვლავთმრიცხველებს მოუთხრობს, თუ რომელ კოსმოსურ ობიექტებზე შეიძლება იმ თვეში დაკვირვებების წარმოება. კოსმოსური ცენტრის უნიკალური სახურავი – ჰაიდელი, ქუ–ს ფორმისაა, თუმცა სტუმრებს კოსმოსურ ხომალდს აგონებს. ასეა თუ ისე, ამ შენობის შესახებ ვანკუვერში ყველამ იცის.

ალბერტ აინშტაინის პლანეტარიუმი

ალბერტ აინშტაინის პლანეტარიუმი – ვაშინგტონი, აშშ

 “ალბერტ აინშტაინის პლანეტარიუმი” (Albert Einstein Planetarium), სმითსონის ეროვნული აერო–კოსმოსური მუზეუმის ნაწილია, რომელიც თავისთავად მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო მუზეუმია.

 პლანეტარიუმი აღჭურვილია პროექტორების ორმაგი სისტემით – Sky Vision და მნახველებს სივრცეში ფრენის შეგძნებას უქმნის. პრეზენტაციის თემას, უამრავი შემოთავაზებული ჩამონათვალიდან, მაყურებლები ირჩევენ. თითოეული პრეზენტაცია 25 წუთს გრძელდება. ფიბი უოთერმენ ჰაასის სახელობის საზოგადოებრივ ობსერვატორიაში ნახავთ, თუ რისი “შემოთავაზება” შეუძლია დღის შუქზე ჩვენი პლანეტის ცამრგვალს. თვით მუზეუმის ინტერაქტივის დარბაზში ფრენის სიმულაციას და სხვა უამრავ საგანმანათლებლო ღონისძიებას შემოგთავაზებენ.

გალილეო გალილეის პლანეტარიუმი

გალილეო გალილეის პლანეტარიუმი, ბუენოის აირესი, არგენტინა

 “გალილეო გალილეის სახელობის პლანეტარიუმი”, ბუენოს აირესის ტრე დე ფებრეროს პარკში დაგხვდებათ. ის 1968 წელს გაიხსნა და ფორმით ოდიოზურ კოსმოსურ ხომალდს მოგაგონებთ. მისი 20–მეტრიანი თაღის ქვეშ 360 სკამია, საიდანაც მნახველს შეუძლია  კოსმოსურ თემებზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებს ადევნოს თვალი. პლანეტარიუმის შესასვლელში უზარმაზარი კოსმოსური ქვაა გამოფენილი, ტერასაზე კი ლითონის მეტეორიტი იწონებს თავს.

პიტერ ჰარისონის პლანეტარიუმი

პიტერ ჰარისონის პლანეტარიუმი, ლონდონი

 გრინვიჩის პარკის ეროვნულ საზღვაო მუზეუმში, “პიტერ ჰარისონის სახელობის პლანეტარიუმი” (Peter Harrison Planetarium) დაგხვდებათ. ბრინჯაოს 45 ტონიანი  უნიკალური ნაგებობა 51,5 გრადუსითაა გადახრილი, რაც გრინვიჩის განედს ემთხვევა. თეატრის თაღის ქვეშ, შორეული გალაქტიკებისაკენ, 120 მაყურებლის “გადაყვანაა” შესაძლებელი. ლონდონელი მოყვარული ასტრონომებისათვის ყოველდღიურ საინფორმაციო სანახაობებს ეს პლანეტარიუმიც აწყობს. პლანეტარიუმის ახლოს სამეფო ობსერვატორიაა, სადაც შთამბეჭდავი კოსმოსური გამოფენები ეწყობა.

მორისონის პლანეტარიუმი

მორისონის პლანეტარიუმი, სან ფრანცისკო, აშშ

 კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიაში მსოფლიოში უდიდესი ციფრული “მორისონის პლანეტარიუმია” (Morrison Planetarium), 23 მეტრიანი თაღი ოქროს ჭიშკრის პარკშია; აქ ღამის ცის უნიკალურ წარმოდგენას შემოგთავაზებენ, სადაც თითოეული ვარსკვლავი რეალური ვარსკვლავის პროექციაა. პლანეტარიუმის თაღი, დედამიწის მსგავსად, 30 გრადუსითაა გადახრილი, ხოლო პრეზენტაციის დროს მისი ჩარჩო მთლიანად იმალება, და თქვენ ღია კოსმოსში აღმოჩნდებით (აბასთუმანი).

მოსკოვის პლანეტარიუმი

მოსკოვის პლანეტარიუმი, რუსეთი

მოსკოვის პლანეტარიუმმა საგანმანათლებლო სამუშაო 1929 წლის 5 ნოებმერს დაიწყო, მისი გუმბათის დიამეტრი 25 მეტრია, რაც ევროპაში უდიდესია. დაარსების დღიდან პლანეტარიუმი ZEISS-ს ტექნოლოგიას იყენებს. პირველი პროექტორი 1977 წლამდე მუშაობდა, რომელიც შემდეგ ავტომატური მართვის სისტემის პროექტორით ჩანაცვლდა, და ამ სახით ფუნქციონირებდა 1994 წლის ჩათვლით. შემდეგ პლანეტარიუმი, განახლების მიზნით, რამდენიმე წლით დაიხურა.

მოსკოვის პლანეტარიუმი მეორედ გაიხსნა 2011 წელს, მესამე თაობის პროექტორით ZEISS UNIVERSARIUM, რომლის ოპტიკურ-მექანიკური სისტემა ღამის ცას ნებისმიერ ციფრულ ტექნოლოგიაზე უკეთ წარმოგვიჩენს.

ZEISS-ის დიდი პლანეტარიუმი, ბერლინი

ZEISS-ის დიდი პლანეტარიუმი, ბერლინი, გერმანია

პლანეტარიუმი საზეიმოდ გაიხსნა ჯერ კიდევ სოციალისტურ გერმანიაში, 1987 წლის 9 ოქტომბერს. ამ პლანეტარიუმის წარმატება თითქოს-და საწყისი მოცემულობა იყო და არა შემთხვევითობა: დიზაინი დასავლეთ გერმანიის სახელგანთქმულმა სპეციალისტებმა, ერჰარდტ გისკემ და ულრიხ მიუთერმა შეიმუშავეს. ერჰარდტ გისკე გერმანიის ყოფილი დემოკრატიული რესპუბლიკის წამყვანი არქიტექტორი იყო, რომლის შემოქმედებაცაა რესპუბლიკის სასახლე და შარიტეს ჰოსპიტალი; ხოლო ულრიხ მიუთერი, ცნობილი ინჟინერი, უმკვიდრესი და უთხელესი ბეტონის შენობების ავტორია.

სწორედ ასეთი ბეტონის ნაგებობაა პლანეტარიუმის 23 მეტრი სიმაღლის გუმბათი, რომელზედაც კომპიუტერით კონტროლირებადი ვარსკვლავების პროექტორი ”კოსმორამა” ღამის ცის აუწერელ სილამაზეს ასახავს. ძირითადი აპარატი, 69 დამხმარე სლაიდ-პროექტორთან და 89 დინამიკთან ერთად მუშაობს, რაც გასაოცარ აუდიო-ვიზუალურ ეფექტს იძლევა. პლანეტარიუმის ცნობილი და ლეგენდარული პროგრამაა ”ფანტასტიური კოსმოსი”. პლანეტარიუმების ჩამონათვალი იხილეთ: https://en.wikipedia.org/wiki/List_of_planetariums

ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.