მართალია, რომ ათასობით ბრაზილიელი ამო (UFO)-ს კატასტროფის მოწმე გახდა?

 შეთქმულების თეორიის მოყვარულთა სასიხარულოდ, მასმედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ათასობით ბრაზილიელმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი  (ამო/UFO) დაინახა ცაში. სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ვიდეოებმა კი ეს ხალხი კიდევ უფრო დაძაბა. ხმები ამო-ს კატასტროფის შესახებ ბრაზილიის ტყეში, ტვიტერზეც მომენტალურად აიტაცეს, მას მერე, რაც მომხმარებლებმა ცისარტყელას ფერებით მანათობელი ობიექტის ვიდეოები ატვირთეს იქ. ამბობენ, რომ გუგლის რუკებიდანაც აიღეს თანამგზავრიდან გადაღებული ამო-ს ჩამოვარდნის ფოტოები. იქნებ, ეს ამოუცნობი ობიექტი არა სხვა ვარსკვლავის სისტემიდან მოფრენილი კოსმოსური ხომალდია, არამედ კარგად დადგმული ხუმრობა?

 სინამდვილეში რა მოხდა ბრაზილიაში რომ გავერკვეთ, ისტორიას უნდა მივმართოთ. ასობით ათასი ადამიანი მთელ მსოფლიოში შესაშური პერიოდულობით აცხადებს, რომ მათ უცხოპლანეტელთა ხომალდები ნახეს. ზოგიერთები დარწმუნებულნი არიან, რომ არა მარტო ნახეს, არამედ ვარსკვლავთმფრენშიც კი აიყვანეს, სადაც მათზე მწვანე კაცუნები სხვადასხვა ექსპერიმენტებს ატარებდნენ, მათ შორის, ინტიმური ხასიათისაც. კაცებს, ტრადიციულად, სპერმის სინჯებს უღებდნენ, ხოლო ქალებს -- კვერცხუჯრედის, ან მთლიანად აცლიდნენ ემბრიონს.

 ასტრონომი და მენციერების ცნობილი პოპულარიზატორი, კარლ სეიგანი წერდა:

 “1992 წელს, აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით გაირკვა, რომ უამრავ ზრდასრულ ამერიკელს უცხოპლანეტელთა ვიზიტებისა სჯერა. მიუხედავად ამისა, ვერავინ გიპასუხებთ, ასეთი მოწინავე ცივილიზაციები, რომლებსაც ვარსკვლავთშორისი მანძილების გადალახვა შეუძლიათ, მოჩვენებებივით გადიან კედლებში და თან ყველაფრის გასაიდუმლოება უნდათ, რატომ არ წაგვიშლიან მეხსიერებას? არ შეუძლიათ? რატომ არის მათი აპარატურა ადამიანის ზომისთვის თავსებადი და ძალიან ჰგავს რაიონული კლინიკის მოწყობილობას? რას ემსახურება მათი და ადამიანების ეს გაუთავებელი შეხვედრები?”

 ტერმინი “მფრინავი თეფში” ХХ საუკუნის შუა წლებში გაჩნდა. ეს იყო დრო, როცა კაცობრიობა მთვარესა და სხვა პლანეტებზე მოგზაურობისთვის ემზადებოდა. აქედან გამომდინარე, ეჭვი აღარავის ეპარებოდა, რომ უფრო ხნიერი და წინწასული ცივილიზაცია ამ უზარმაზარ მანძილებს გადმოლახავდა და ჩვენს სისტემამდეც მოაღწევდა. ამასთან ერთად,  მაშინდელი ჩვენებები უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შესახებ, მხოლოდ თვითმხილვეთლა მონათხრობებს ეყრდნობოდა, რომლებიც ფრაგმენტული და უკიდურესად წინააღმდეგობრივი იყო. ზოგიერთი ძალიან სწრაფად მოძრავ ობიექტებს ხედავდა, ცაში დაკიდებულს, სფეროს, დისკოსა თუ სიგარის ფორმის. ამო გუგუნებდა, აბსოლუტურად ჩუმიც იყო, სხვადასხვა ფერებით კაშკაშებდა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ შეტყობინებების უმრავლესობა ამო-ს შესახებ…. სიმართლეა. ადამიანები ხედავდნენ უჩვეულო, ოღონდ მაინც ბუნებრივ მოვლენებს -- მეტეო ზონდებს, მანათობელ მწერებს, ოპტიკურ ილუზიებს, მირაჟებს, პლანეტებს, უჩვეულო ატმოსფერული პირობების დროს სინათლის გარდატეხას, მეტეორებს, ხელოვნურ თანამგზავრებს, რაკეტამატარებლებს და ა.შ. უფრო მეტიც, კომეტის ფრაგმენტების დაშლას ატმოსფეროს ზედა ფენებში.

 ნუ გაგიკვირდებათ, რომ”ამოუცნობის” ეს სფერო შარლატანების უამრავ რაოდენობას იზიდავს, რომლებიც ფულის შოვნას ამო-სა და უცხოპლანეტელების შესახებ ისტორიებით ცდილობენ, მოგონილი მითებით გადამთიელებზე, რომლებიც რატომღაც ჩვენს სპერმასა და კვერცხუჯრედებზე არიან გადარეული. ლომის წილი ამ აბრაკადაბრის გავრცელებაში ჟურნალისტებს, მწერალ ფანტასტებს, კინოს, ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებს მიუძღვის. თემა კი მართლაც საინტერესოა.

თვითმხილველის მიერ გადაღებული ამო ბრაზილიის ცაში. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ეს ?

 აღსანიშნავია, რომ ყველა “მტკიცებულება” მფრინავი თეფშების, მწვანეებისა თუ რუხი კაცუნების არსებობის შესახებ, ძალიან სუსტი და არადამაჯერებელია -- მეამიტობა, ჰალუცინაციები, ფიზიკის კანონების არცოდნა, შიში, ყურადღების ცენტრში ყოფნის მანია, განდიდება და ფული. ასეა თუ ისე, არანაირი დამჯარებელი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ თვითმხილველთა მიერ ნანახი უჩეულო ობიექტები მართლაც უცხოპლანეტელთა კოსმოსური ხომალდებია.

მაშ, რა დაინახეს ბრაზილიაში?

 სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში რაღაც მანათობელი ობიექტი ჩანს, “რომელიც ტბაში ჩავარდა”. ამის მერე, ტვიტერში პოსტები ჰეშთეგებით #MageUFO “გაქრა”, ამ პოსტებმა გაქრობა დაიწყო Reddit-ზეც, რის მერეც “უფოლოგებმა” ყურადღების გადატანა დაიწყეს გუგლის რუკაზე, სადაც რიოდეჟანეიროდან ჩრდილოეთით, კოსმოსიდან გადაღებული ტყის ფოტოზე უჩვეულო თეთრი ობიექტი დაიმზირება.

 გუგლის წარმომადგენელმა განმარტება გამომცემლობა Vice-ში გააკეთა: ეს მზის სინათლის ანარეკლია შენობის სახურავიდან, რამაც თანამგზავრის მატრიცა “დააბრმავა” (ვისაც გუგლ მაპსის თვალიერება გიყვართ, ასეთ რამეს ხშირად ნახავთ, საქართველოს ტერიტორიაზეც).

 თვითმხილველები იმასაც ამბობენ, რომ ობიექტის ვარდნის ადგილთან აფეთქებებისა და სროლის ხმაც გაიგონეს, ასევე პოლიციელებისა და სამხედროების გააქტიურებაც შეამჩნიეს. თუ სროლა და ბათქაბუთქი იყო, პოლიციასა და სამხედროებს შემთხვევის ადგილზე მისვლას ვინ მოასწრებდა? როგორც არ უნდა იყოს, თუ ბრაზილიის ცაში მართლაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტი იყო, რომელიც მაინც ადამიანის ნახელავი თანამგზავრისა თუ სხვა მფრინავი მოწყობილობის ვარდნას უფრო ჰგავს, ან აქამდე შეუსწავლელი ატმოსფერული მოვლენაა, დამეთანხმებით, რომ უმჯობესია მივიღოთ ამოუცნობი, ვიდრე ჭეშმარიტების ცრუ ახსნა (თეფშოლოგი პენტაგონი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.