კაშკაშა პლანეტა ვენერა

 დღეს და ხვალ, 2020 წლის 27-28 აპრილს, პლანეტა ვენერა თავისი სიკაშკაშის მაქსიმუმს მიაღწევს. დღეს, 27 აპრილს, სანამ 21.07 წუთზე SpaceX-ის Starlink-ის თანამგზავრების წყება გამოჩნდება, ცამრგვალი ულამაზეს სურათს შემოგვთავაზებს.

 გაიხედეთ დასავლეთით 20.50 წუთზე. ნამგალა მთვარის მარჯვნივ და ქვემოთ ვენერა ბრდღვიალებს. მათ ზემოთ ორი ვარსკვლავი მოჩანს – პატარა ძაღლის თანავარსკვლავედის მთავარი მნათობი – პროციონი (მარცხნივ) და მეეტლის თანავარსკვლავედის მშვენება, ”მზის ტყუპისცალი” – კაპელა.

 ვენერას მარცხნივ და ოდნავ ქვემოთ თავს იწონებს ორიონის თანავარსკვლავედის მოწითალო-ნარინჯისფერი ზეგიგანტი – ბეთელგეიზე, ორიონის სამვარსკვლავიანი სარტყელი და კაშაშა ცისფერი გიგანტი – რიგელი.

 კიდევ უფრო მარცხნივ მოჩანს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, ზამთრის ცის მშვენება – სირიუსი, რომელიც დიდი ძაღლის თანავარსკვლავედის მთავარი ვარსკვლავია.

 დაახლოებით 21.07, ჩრდილო დასავლეთიდან სამხრეთ აღმოსავლეთის მიმართულებით, ცაზე Starlink-ის თანამგზავრების შთამბეჭდავი წყება გადაივლის, რომელიც კაშკაშა იქნება მანამ, სანამ მაღალ ორბიტაზე გადაინაცვლებს. ეს თანამგზავრებზე მონადირე ასტროფოტოგრაფებისთვის ნამდვილი ზეიმია.

 დაახლოებით 21.35-დან საინტერესო სურათია აღმოსავლეთით:  მარცხნივ ქნარის თანავარსკვლავედის მთავარი მნათობი, ცისფერი ზეგიგანტი – ვეგა მოჩანს, რომელიც ზაფხულში ზენიტზე გადაინაცვლებს. შუაში, ჰორიზონტიდან ზემოთ, მოჩანს მენახირის თანავარსკვლავედის მთავარი ვარსკვლავი, ნარინჯისფერი გიგანტი – არქტური, რომელიც ზაფხულის ცის მშვენებაა. მისგან მარჯვნივ და ოდნავ ქვემოთ, მოცისფრო-თეთრი გიგანტი, ქალწულის თანავარსკვლავედის მთავარი მნათობი – სპიკა იწონებს თავს.

 ეს სურათი შენარჩუნდება 28 აპრილისთვისაც. როგორც ვხედავთ, ასტროფოტოგრაფებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა ძალიან ეფექტური პეიზაჟების გადასაღებად. თანავარსკვლავედების და მათი ობიექტების უკეთ აღქმისთვის შეგიძლიათ დაათვალიეროთ აღნიშვნებიანი სურათი. გისურვებთ ვარსკვლავიერ ცას და ბნელ ღამეებს.

2 comments

  1. დღეს ამ საოცარი მოვლენის თვითმხილველი გავხდი 21:40 27/04/2020 წ.
    ვარ 10 წლის და გატაცებული ვარსკვლავებზე დაკვირვებით. დღეს ჩემთვის დაუვიწყარი ღამეა ….

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.