ეგზოპლანეტებზე ნადირობას TESS გააგრძელებს

 NASA-ს განცხადებით, ის 2018 წლის მარტში, ან არაუგვიანეს ივნისში, გეგმავს TESS (Transiting Exoplanet Survey Satellite) ზონდის ორბიტაზე გაშვებას. ამ მისიას SpaceX-ის Falcon 9 შეასრულებს კეიპ კანავერალიდან. TESS ზონდი შექმნილია ეგზოპლანეტებზე „ნადირობისთვის“. ის დააკვირდება ვარსკვლავების მცირედ ჩაბნელებებს. კეპლერისგან განსხვავებით TESS შეისწავლის ვარსკვლავებს ცის ყველა უბანში. მისი მიზანია უახლოესი კლდოვანი პლანეტების აღმოჩენა და მათი ატმოსფეროს ტიპების შესწავლა, რომ დადგინდეს, არის თუ არა მათზე სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პირობები.

 TESS დააკვირდება 200 000-ზე მეტი ვარსკვლავის ნათებას 2 წლის განმავლობაში. მისი დახმარებით 1500-ზე მეტი ეგზოპლანეტის კატალოგირება უნდა მოხდეს, მათ შორის დაახლოებით 500 დედამიწის ზომის და „სუპერ დედამიწის“ ტიპის პლანეტების, რომელთა რადიუსი დედამიწის რადიუსს 2-ჯერაც არ აღემატება. ზონდი ძირითადად დააკვირდება ეგზოპლანეტებს, რომლებიც ჩაუვლიან G, K და M ტიპის ვარსკვლავებს 12-ზე მაღალი ხილული მაგნიტუდით. TESS შეძლებს კეპლერის მიერ დაკვირვებადი ცის ფართობზე 400-ჯერ უფრო დიდი ტერიტორიის შესწავლას.

 მისია დაყოფილია ეტაპებად. პირველი წლის განმავლობაში TESS დააკვირდება სამხრეთ ნახევარსფეროს, მეორე წლის განმავლობაში კი – ჩრდილოეთს. TESS დაყოფს ცას 30 სეგმენტად და ეტაპობრივად შეუდგება მათ ათვისებას, თითო სეგმენტისთვის 27 დღიანი პერიოდის დათმობით. მას ექნება საკმაოდ ელიფსური, 13 დღიანი ორბიტა დედამიწის გარშემო. ის იმოძრავებს დედამიწიდან 108,000-დან 373,000-მდე კილომეტრის მანძილზე. ეს ორბიტა განსაკუთებით სტაბილურია და მინიმალურ მანევრირებას მოითხოვს მის შესანარჩუნებლად. სატელიტი შეძლებს აღმოაჩინოს ეგზოპლანეტები, რომელთა პერიოდიც 13 დღეზე ნაკლებია (ვარსკვლავთან 2 ტრანზიტი რომ დაფიქსირდეს), რაც შეიძლება სიცოცხლისთვის შესაფერის ეგზოპლანეტაზე, თუ ის წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს. სეგმენტების თანაკვეთა ეკლიპტურ პოლუსებზე შესაძლებელს ხდის 100-ზე მეტ დღიანი დაკვირვება განხორციელდეს ცის გარკვეულ სექტორზე, სადაც ეგზოპლანეტების აღმოჩენის მეტი შესაძლებლობა იქნება.

 ზონდი აღჭურვილია მასაჩუსეტსის ინსტიტუტში (MIT) სპეციალურად შექმნილი 4 ფართო აპერტურიანი კამერით. მათი ხედვის არე 5-ჯერ აღემატება კეპლერის მისიაზე გაგზავნილი კამერების ხედვის არეს. თითოეულ კამერას აქვს 24×24 გრადუსიანი ხედვის არე. ეს კამერების მომენტალურად კეპლერის ხედთან შედარებით 20-ჯერ უფრო დიდი გამოსახულებას ქმნიან. ერთი გართულება, რაც ამ კამერებს უკავშირდება ისაა, რომ სურათის სიმკვეთრე შეიძლება სხვადასხვა იყოს და ერთი ფოკუსი არ არსებობს. გარდა ამისა, ტემპერატურის ცვლილებისას გამოსახულების მახასიათებლები იცვლება. ხანგრძლივი ტესტირების შემდეგ კამერები მზადაა ზონდზე დასამაგრებლად და კოსმოსში გასაშვებად. თუმცა, შესაძლებელია ზონდის გაშვება გადაიდოს. 2017 წლის ივლისის განცხადების მიხედვით, ბოლო ტესტირებებმა აჩვენა, რომ -75°C ტემპერატურაზე კამერების ფოკუსი გადაადგილდება, რამაც ფოტომეტრიაზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სინათლის შეგროვების უნარის დაქვეითება. კამერების პერიფერიებზე ხარისხი დაქვეითებულია თუმცა, ფოტოს ცენტში მოულოდნელად კარგი ფოკუსი აღმოჩნდა. სავარაუდოდ ეს 10%-ით შეამცირებს აღმოჩენილი ეგზოპლანეტების რაოდენობას. მიუხედავად ამისა, TESS-ზე მომუშავე მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მისიის მიზნები სრულად შესრულდება არსებულ მდგომარეობაში ზონდის გაშვების შემთხვევაში, თუ დამატებით ტესტები არ აჩვენებს საპირისპიროს. მთლიანი პროექტის ღირებულება არის $87 მილიონი. ზონდი იწონის 350 კგ-ს(უცხო სიცოცხლე)(tess.gsfc.nasa.gov; wikipedia.org; phys.org; spacenews.com).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *