გიგანტური მკრთალი გალაქტიკები

 ოპტიკურ დიაპაზონში გადაღებული გიგანტური მკრთალი გალაქტიკა UGC 1382 (ფოტოზე მარცხნივ), ელიფსური გალაქტიკა შეიძლება გვეგონს. მისი მეორე გამოსახულება კი ოპტიკურისა (ხილული) და ულტრაიისფერის კომბინაციით არის მიღებული, სადაც უკვე მკრთალი სპირალების გარჩევა ხდება შესაძლებელი. ფოტოს მესამე ნაწილზე დამატებულია ნეიტრალური წყალბადის გამოსხივებაც, რადიოდიაპაზონის 21 სანტიმეტრიან ტალღაზე, რომელიც UGC 1382-ის გაზის გიგანტურ დისკოსაც შესამჩნევს ხდის. ეს კომბინაციები ე.წ. ღრმა დამზერით არის მიღებული, ანუ ხანგრძლივი ექსპოზიციებით დიდი ზომის ტელესკოპების გამოყენებით (nasa.gov). აქამდე აღმოჩენილი გიგანტური მკრთალი გალაქტიკების (LSBG) დისკოთა რადიუსები 130 კილოპარსეკის (425 000 სინათლის წელი) ფარგლებშია, ანუ 7-10-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვენი ირმის ნახტომის რადიუსი, რომელიც ისეც დიდი გალაქტიკების წარმომადგენელია. გალაქტიკების ფორმირების არსებული თეორიის მიხედვით, ისეთი მასის გალაქტიკების წარმოქმნა, როგორიც გიგანტურ მკრთალ გალაქტიკებს აქვთ, “წინამორბდი” გალაქტიკის მრავალრიცხოვან შეჯახებებს მოითხოვს მოზობელ გალაქტიკებთან. რითი სრულდება ასეთი შეჯახებები? უმრავლეს შემთხვევაში – დისკოების დაშლით. ამიტომ, როცა საუბარია ასეთ მასიურ ვარსკვლავურ “კუნძულებზე”, ასტრონომები არა უზარმაზარი მბრუნავი დისკოს, არამედ სფეროიდის, ელიფსური გალაქტიკის დანახვას ელიან. მიუხედავად ამისა, მკრთალი გიგანტური გალაქტიკები ნამდვილად არსებობს, რასაც დამზერით მიღებული ფაქტები ადასტურებს. უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სამყაროში ამ იშვიათი გალაქტიკების გავრცელებადობის შეფასება, რადგან ეს იქნება თანამდროვე კოსმოლოგიური შეხედეულებების მართებულობის შემოწმებაც, რომელიც მსგავსი სისტემების დიდი რაოდენობით არსებობას გამორიცხავს, რადგან გიგანტური დისკოს წარმოქმნა შეჯახებათა ძალიან სპეციფიურ პარამეტრებს მოითხოვს. თუ გვინდა ვიცოდეთ, როგორ მიმდინარეობს გალაქტიკათა გაჩენა და ევოლუცია, ისიც აუცილებლად უნდა გავიგოთ, როგორ ფორმირდებიან მკრთალი გიგანტური გალაქტიკები, რომელთა კლასის პროტოტიპი მალინ 1, ბრიტანული წარმოშობის ავსტრალიელმა ასტრონომმა და ფოტოგრაფმა, დევიდ მალინმა, 1986 წელს აღმოაჩინა (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.