არაბთა გაერთიანებული საამიროების მარსის მისიას ”იმედი” და ამბიცია ასაზრდოებს

არაბთა გაერთიანებული საამიროების მარსის მისიის  – ”იმედი”, პროექტის  ხელმძღვანელი ქალია

არაბთა გაერთიანებული საამიროები მარსზე თანამგზავრს აგზავნის, რომ პლანეტის კლიმატი შეისწავლოს

 ”იმედი” (”Hope”) 1.3-ტონიანი ზონდია, ის მარსისკენ 2020 წლის ივლისის ბოლოს, H-2A რაკეტით, იაპონიის სათადარიგო კოსმოპორტ ”ტანეგაშიმა”-დან გაფრინდება. ზონდი-რობოტი 500 მილიონ კილომეტრს გაივლის და 2021 წლის თებერვალში წითელ პლანეტასთან იქნება; სიმბოლურია, რადგან ამ დროს არაბთა გაერთიანებული საამიროების ჩამოყალიბების 50 წლისთავი აღინიშნება. გაფრენის ზუსტი თარიღი ამინდზეა დამოკიდებული. რის გამოც სტარტი ორჯერ უკვე გადაიდო.

 ”იმედი” სამი მისიიდან ერთ-ერთია, რომელიც 2020 წლის ივლისში მარსისკენ გაემართება: აშშ და ჩინეთი მარსმავლებს ამზადებენ და მომზადების ბოლო ეტაპებს გადიან.

რისთვის აგზავნის არაბთა გაერთიანებული საამიროები მარსზე ხომალდს?

 არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცდილება, კოსმოსური ხომალდების დიზაინისა და აგების კუთხით, მწირია. მიუხედავად ამისა, ისეთი მიზანი დაისახეს, რომლის განხორციელებაც აქამდე მხოლოდ აშშ-მ, საბჭოთა კავშირმა, ევროპამ და ინდოეთმა შეძლო. ეს საამიროების ზრდად ამბიციაზე მიუთითებს – გამოწვევა მიღებულია: მათ ინჟინრებს ამერიკელი ექსპერტები ხელმძღვანელობენ, და ამ გუნდმა, სულ რაღაც ექვს წელიწადში, ურთულესი ზონდის დაპროექტება და აგება მოახერხა – როდესაც თანამგზავრი მარსის ორბიტაზე გავა, უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, მეცნიერებს მნიშვნელოვან ცნობებს მიაწვდის პლანეტის ატმოსფეროსა და კლიმატზე. კერძოდ, აპარატმა უნდა გაარკვიოს, რა გახდა მარსის ატმოსფეროს დაკარგვის მიზეზი და კიდევ რა რაოდენობით წყალია იქ შემორჩენილი.

არაბთა გაერთიანებული საამიროების მარსის მისია ”იმედი” სქემატურად (მუჰამედ ბინ რაშიდის კოსმოსური ცენტრი, NASA, Google, Getty).

 ზონდი ”იმედი”, უპირველეს ყოვლისა, ინსპირაციის ინსტრუმენტია – მისი გაშვება საემიროებისა და მთელი არაბული რეგიონის ახალგაზრდებს წაახალისებს, რომ თავიანთი ძალისხმევა სკოლაში მეცნიერების შესწავლისა და უმაღლესი განათლების მიღებისაკენ მიმართონ. თანამგზავრი ერთ-ერთია არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის მიერ დაფინანსებული იმ მრავალრიცხოვანი პროექტებიდან, რომელთა უმთავრესი მიზანია, ქვეყანა ნავთობის ბიზნესიდან ჩამოიხსნას და მომავალს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკით შეხვდეს.

 თუმცა, როგორც ყოველთვის, როდესაც საქმე მარსს ეხება, რისკები ცამდე აღწევს – წითელი პლანეტის გამოკვლევისთვის გაგზავნილი მისიებიდან ნახევარი წარუმატებლად დასრულდა. მუჰამედ ბინ რაშიდის კოსმოსური ცენტრის დირექტორი, ომრან შარაფი, სრულად აცნობიერებს ამ რისკებს, მაგრამ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ თავის ქვეყანას წარმატება მოუტანოს: -”ეს საცდელი მისიაა და ამას ბევრი კვლევა და განვითარება სჭირდება; დიახაც, წარუმატებლობაც დასაშვებია.” – განუცხადა მან ტელეკომპანია BBC-ს ახალი ამბების სააგენტოს. –”სამაგიეროდ, ქვეყნის წარუმატებლობა, ცივილიზაციის განვითარების გზაზე, გაცილებით უფრო დიდი და საშინელი რისკია. მთავარია ის გამოცდილება, რასაც არაბთა გაერთიანებული საამიროები ამ მისიით შეიძენს და ის ცოდნა და გამოცდილება, რომლის იმპორტიც ამ პროექტის მეშვეობით განხორციელდა.”

როგორ მოახერხა ეს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა?

 საამიროების მთავრობამ სამეცნიერო პროექტის გუნდს პირობა წაუყენა – მათ ხომალდი უცხოური კომპანიისგან კი არ უნდა შეესყიდათ, არამედ არაბეთში უნდა აეწყოთ. ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ წინაშე დადგა ამერიკულ ინსტიტუტებთან პარტნიორობის აუცილებლობა, ვინაიდან საჭირო გამოცდილება მხოლოდ მათ გააჩნდათ. საამიროებისა და აშშ ინჟინრებმა ხომალდის სისტემების დიზაინზე და აგებაზე მხარდამხარ იმუშავეს. შედეგად, მის ბორტზე, პლანეტა მარსის შესასწავლად, სამი სამეცნიერო ინსტრუმენტი იქნა განთავსებული.

ზონდი რობოტი ”იმედი”, რომლის შექმნასაც ექვსი წელიწადი დასჭირდა (@UAE&JAXA).

 თანამგზავრის ნაწილების უმეტესობა ბოულდერში, კოლორადოს უნივერსიტეტის ატმოსფერული და კოსმოსური ფიზიკის ლაბორატორიაში დამზადდა, თუმცა შემდგომი სამუშაოები დუბაიში, მოჰამედ ბინ რაშიდის კოსმოსურ ცენტრში (MBRSC) განხორციელდა. კოლორადოს უნივერსიტეტის ლაბორატორიის მთავარი სისტემების ინჟინერი ბრეტ ლანდინი დარწმუნებულია, რომ არაბეთი მომავალი მისიის განხორციელებას დამოუკიდებლადაც შეძლებს. -“ეს დაახლოებით იმას ჰგავს, როდესაც ვინმეს სიტყვიერად უხსნი, თუ როგორ უნდა ატაროს ველოსიპედი, მაგრამ სანამ ამას თავად არ გააკეთებს, რეალურად ვერ მიხვდება რას ნიშნავს. იგივე შეიძლება ითქვას კოსმოსურ ხომალდზეც – სანამ ზედ საევაკუაციო მოდულს არ დაამაგრებ და 800 კგ ადვილად აალებად სარაკეტო საწვავს ავზებში არ ჩატვირთავ, მანამდე ამ პროცესის მიმდინარეობას ვერ შეიგრძნობ. ახლა კი სარაკეტო ამძრავების არაბი ინჟინრები სხვის დაუხმარებლადაც შეძლებენ შემდეგი მისიებისთვის აპარატების აგებას.”

რა სამეცნიერო გამოკვლევებს ჩაატარებს ”იმედი” მარსზე?

 საამიროებს მარსზე ”ბევრზე ბევრი” სამეცნიერო კვლევის განხორციელება არ სურთ – მათი ხომალდი სხვების მიერ უკვე ჩატარებულ ექსპერიმენტებს გაიმეორებს. ამისთვის არაბმა მეცნიერებმა NASA-ს მარსის კვლებების პროგრამული ანალიზის ჯგუფს (MEPAG) მიმართეს შეკითხვით, თუ რით შეეძლოთ უკვე ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული სამეცნიერო მონაცემების გაუმჯობესება და გამყარება.

 სწორედ MEPAG-იდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე განისაზღვრა ”იმედის” მიზნები და ამოცანები: უპირველეს ყოვლისა, საამიროების თანამგზავრი, მარსის ატმოსფეროში ენერგიის მატარებელი მასების გადაადგილებას შეისწავლის და მონაცემებს ატმოსფეროს სიმაღლის, დღე-ღამისა და სეზონების მიხედვით დაახარისხებს.

 მარსის ზედაპირზე მრავლად არსებული, კალაპოტების მსგავსი წარმონაქმნები მიუთითებს, რომ ამ პლანეტაზე, ოდესღაც, თხევადი წყლის უზარმაზარი მდინარეები მიედინებოდა.

 გარდა ამისა, აპარატმა უნდა შეისწავლოს, თუ რა გავლენა აქვს მარსის მტვრის ღრუბლებს პლანეტის ტემპერატურულ რეჟიმზე, ხილვადობაზე და სხვა კლიმატურ პარამეტრებზე. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ატმოსფეროს გარე ფენებში წყალბადისა და ჟანგბადის ნეიტრალური ატომების ქცევის გამოკვლევა, რადგანაც, წინასწარი მონაცემებით, ეს ატომები, მზის ქარის ზეგავლენით, მარსის ატმოსფეროს ეროზიას მნიშვნელოვნად აჩქარებენ.

 ჩატარებული გამოთვლების მიხედვით, ”იმედი” მარსის ორბიტაზე ეკვატორის გასწვრივ, 22000-44000 კმ სიმაღლის ფარგლებში იმოძრავებს: -”თუ გსურს, რომ მომავალი მშობლიური პლანეტის ზედაპირის მაქსიმალურად დიდ ტერიტორიას დააკვირდე და ისიც დღე-ღამის ნებისმიერ მომენტში, მაშინ თანამგზავრის ორბიტაც მაქსიმალურად დიდი და ელიფსური უნდა იყოს.” – განმარტავს დევიდ ბრეინი, კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორი. – “ამგვარად, ჩვენ ისეთ წარმონაქმნებს გადავუფრენთ, როგორიცაა, მაგალითად, მთა ”ოლიმპო” (Olympus Mons), რომელიც მზის სისტემაში ყველაზე მაღალი ჩამქრალი ვულკანია. ჩვენ მას დღე-ღამის სხვადასხვა პერიოდში დავინახავთ; ზოგჯერ კი გეოსტაციონარულ წერტილში უძრავად დავეკიდებით, მარსი კი ჩვენს ქვემოთ იბრუნებს. ამგვარად, მარსის სრულ დისკსაც კი დავინახავთ, ხოლო კამერაზე განთავსებული ფილტრების მეშვეობით დამატებით სამეცნიერო მონაცემებსაც მივიღებთ.”

გაიცანით სარა ალ ამირი

 არაბთა გაერთიანებული საამიროების თანამედროვე მეცნიერებათა მინისტრი, სარა ალ ამირი, იმავდროულად, მარსის მისიის სამეცნიერო ხელმძღვანელი და მფარველია. ამ ექვსი წლის განმავლობაში ის ”იმედის” სახედ იქცა.

 სარა ალ ამირი – არაბთა გაერთიანებული საამიროების თანამედროვე მეცნიერებათა მინისტრი, მარსის მისიის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

 თავიდან ის მოჰამედ ბინ რაშიდის კოსმოსურ ცენტრში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი იყო, შემდეგ. კოსმოსზე შეყვარებულმა, განიზრახა თავისი სამუშაო არეალი ამ სფეროშიც გადმოეტანა.

 ზოგადად, საამიროების მარსის მისიაზე მომუშავე თანამშრომლების 34% ქალია: -”ჩვენთვის ეს უდიდესი მიღწევაა.”- აღნიშნავს სარა ალ ამირი. ომრანი (შარაფი) თვალყურს ადევნებს, რომ ქალებმა ლიდერობაც შეითავსონ. მისი ორი მოადგილეც ქალია.”

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.